„მთავრობა უნდა გავუშვათ“ | ოპოზიციური პარტიების ლიდერები

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან ევროკომისიის დასკვნას, რომელშიც ნათქვამია, რომ კომისია რიგი პირობების შესრულების შემდეგ გასცემს რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ევროკომისიის დასკვნა საქართველოსთან მიმართებით.

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს. ეს მისი მთავრობაა; ეს მისი უნიათო და მავნებლური მთავრობის პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო აღმოჩნდა აუტსაიდერებში.

ბუნებრივია, 24 ივნისს და საბოლოო დასკვნას დაველოდებით, მაგრამ, თუ ეს შედეგი დარჩა, ეს იქნება პირდაპირი საბაბი, რომ ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ. გავუშვათ მშვიდობიანად და საქართველოში აუცილებლად უნდა დაინიშნოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით,  ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და ქართველ ხალხს უთხრას, რატომ მიიყვანა მათი ოცნება, მუშაობა და ამდენი ბრძოლა ამ შედეგამდე.

მამუკა ხაზარაძე ამავდროულად ამბობს, რომ არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ უნდა გაიმართოს, თუ არ მიიღებენ სრულად პროპორციულ ცვლილებებს კონსტიტუციაში და ეს მთავრობა, ასეთი შედეგის ჩემთხვევაში, 24 ივნისის მერე სახლში უნდა წავიდეს.

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც აცხადებს, ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება, ამიტომ უნდა შეიცვალოს.

„ჩვენ მოგვცეს წლის ბოლომდე დრო, რომ ამ ოლიგარქიული მმართველობისას რაც კი პრობლემებია: პოლიტიკური დევნა, გვარამიას დაჭერა, სააკაშვილის წამება, სასამართლოსა და არჩევნების მიტაცება – ეს ყველაფერი მოგვარდება, როდესაც ოლიგარქი, როგორც თავი ამ ყველაფრის, მოშორდება ამ ქვეყანას.

ახლა არჩევანი არის ჩვენზე. „ოცნებამ“ ვერ მოახერხა, ქართველი ხალხისთვის ბოლომდე დაეკეტათ კარი. მათ ყველაფერი ქნეს საამისოდ: შეურაცხყოფა, დაპირისპირება, ტყუილი, პროპაგანდა – მკაფიოდ წერია, თუ ოლიგარქი არ იქნება ამ ქვეყანაში და ჩვენ დავუბრუნდებით იმ თამაშის წესებს, რაც არის ევროპაში, ჩვენ ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე გვაქვს. ახლა არის მოქმედების დრო, მოქმედება – გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ევროკომისიის დასკვნაზე საუბრისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 20 ივნისს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გავიდეს აქციაზე, რადგან, მისი თქმით, ეს არის ბოლო შანსი და ქართველმა ხალხმა უნდა გამოხატოს არჩევანი.

„არჩევანი მარტივია: ან „ქართული ოცნება“ და ოლიგარქი, ან ევროპა და ერთიანი, ძლიერი საქართველო. ამერიკა, ევროპა გვეუბნება, შენ გაქვს ბოლო შანსი, ახლა ჯერი ჩვენზეა, ქართველ ხალხზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მანვე დაანონსა დღეს საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც პარტიის სამოქმედო გეგმასა და ხედვაზე ისაუბრებს.

ბრიფინგი ჩაინიშნა ასევე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისაუბრა.


17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.