მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით ISFED-ს არც სურვილი გამოუხატავს, არც მოთხოვნა - დოლიძე

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს „სამართლიან არჩევნებს“ სურდა მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა.

მისივე თქმით, ორგანიზაციას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც სურვილი გამოუხატავს და არც მოთხოვნა.

როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო ორგანიზაციები ერთად იდგნენ აქციებზე ევროპული მომავლისთვის, რადგან ევროპაში ინტეგრაცია და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი სურთ.

„ჩვენ ერთად ვიდექით სამოქალაქო ორგანიზაციები და მხოლოდ „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ასეთი მოთხოვნა, ვფიქრობ, არის დისკრიმინაციული დევნა და ზეწოლა ჩვენს ორგანიზაციაზე. „სამართლიანი არჩევნები“ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის გადაწყვეტილებებშიც ვერავინ ერევა, ორგანიზაციას არ გააჩნია არც პოლიტიკური აფილიაცია არც ინტერესი. ჩვენი ინტერესია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნას ნამდვილად არ ვთვლით მიკერძოებად, რადგან აქ საუბარი იყო იმაზე, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პასუხისმგებლობა აეღო კონკრეტულ პირს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. აქ არ იყო რამე არაკონსტიტუციურ მოთხოვნაზე ან კონკრეტულად პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საუბარი ან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. დემოკრატიულ სახელმწიფოში როდესაც ვინმეს რამე ეშლება, იქნება ეს მინისტრი, თუ რომელიმე სხვა თანამდებობის პირი, პასუხისმგებლობის აღება არის ანგარიშვალდებულება სახელმწიფოს წინაშე“, – აღნიშნა ნინო დოლიძემ.

რაც შეეხება PVT-ს, მისი განმარტებით, პრობლემას წარმოადგენდა დაგვიანებული კომუნიკაცია შეცდომასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ მოხდა დირექტორის შეცვლა და არა იმიტომ, რომ შეცდომა მოხდა.

„გუშინ არ გავაკეთე განცხადება იმ ოთხეულის [„ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების] რაღაც წერილთან დაკავშირებით და მგონია, რომ აბსოლუტურად კონსპირაციულია მოსაზრებები, როდესაც „სამართლიანი არჩევნების“ ქმედებებს უკავშირებენ აშშ-ის ქმედებებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი და არავისთან შეთანხმებით არ ვმოქმედებთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ისინი აფინანსებენ იმიტომ, რომ მათ ენდობიან და არა იმიტომ, რომ რაიმე მითითებებს ასრულებენ“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.