მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ - თურნავა რიონის ხეობის მცველებზე

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში აცხადებს, რომ რიონის ხეობის დამცველებს მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ სურთ.

„აუცილებლად მინდა, გამოვეხმაურო აქტივისტების პოზიციას, ისინი თვლიან, რომ საუბრის სივრცე აღარ არსებობს, აყენებენ პირობებს. მე როგორც ვხვდები, მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ და ახლა ბოლოს პრემიერ-მინისტრი ახსენეს“, – თქვა მან.

მინისტრმა გაიხსენა აქტივისტებთან ქუთაისში გამართული შეხვედრა და განაცხადა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, იქნებოდა დიალოგი. მისი თქმით, თუ აქტივისტებს სურთ, რომ მიიღონ კითხვებზე პასუხები, სამინისტროს კარი მათთვის ღიაა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი შეხვედრა, რომელიც ორი მინისტრის მონაწილეობით მიმდინარეობდა და 10-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ჩამოვედით ქუთაისში, ჩვენ მართლაც გვქონდა მოლოდინი, რომ საქმიანი დიალოგი იქნებოდა, რაც არ ნიშნავს მხოლოდ მთავრობის წევრების მონაწილეობას და მათგან პასუხის მოსმენას. მაგალითად, იმავე გეოლოგიის საკითხებზე უნდა ისაუბროს ბატონმა მერაბ გაფრინდაშვილმა, რომელიც მთავარი გეოლოგია და არა პირობითად ნათია თურნავამ, რომელიც არ არის გეოლოგი. როგორც ჩანს, ის ფორმატი ჩვენი მხრიდან გაგებული იყო როგორც საქმიანი შეხვედრა, ხოლო მეორე მხრიდან, როგორც ჩანს, სხვა მოლოდინი იყო ამასთან დაკავშირებით. მაგრამ თუკი აქტივისტებს გულწრფელად სურთ მიიღონ ამომწურავი პასუხები მინისტრებისგან, ჩვენი სპეციალისტებისგან, კვლავაც მოვუწოდებ, რომ ჩვენი კარი მათთვის ღიაა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავა მოუწოდა აქტივისტებს, ნუ გადაიტანენ საუბარს პოლიტიკურ ჭრილში.

„ულტიმატუმი არის ის, როცა საუბარია არა კონკრეტულ პრობლემებზე, არამედ ზოგადად – არა თურქულ ოკუპაციას ხეობაში, არა ზოგადად ჰესებს.  5 წელი გავაჩეროთ ჰესების მშენებლობა და ა.შ. კონკრეტული პრობლემაა,  როგორ გავხადოთ ეს პროექტი უფრო უსაფრთხო“, – თქვა ნათია თურნავამ „რუსთავი 2-თან“.

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ნათია თურნავასთან დიალოგის სივრცე არ რჩება. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი შეხვედრას ითხოვენ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან.

„მასზე [ნათია თურნავა] უფრო მეტად ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები ჩვენს სახელისუფლებო წრეებში, ვითხოვთ იმ პიროვნებასთან შეხვედრას, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს არის ბატონი პრემიერი“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა