დღეს „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიღებული.
„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საბოლოოდ შეაფასა დღეს სასამართლომ და მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ წარდგენილი ბრალდებებში ის ცნო დამნაშავედ. ერთობლიობაში სასამართლომ მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. ეს არის ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ მიიღო და თავისთავად ამ მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე“, -განაცახად პროკურორმა.
რურუას ადვოკაი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა. გიორგი რურუას ადვოკატები პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო პოლიტიკურ გავლენას ექვემდებარება, აქედან გამომდინარე, მას არც სააპელაციო სასამართლოში აქვს განაჩენის შეცვლის იმედი, თუმცა, ამის მიუხედავად, ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას მაინც გაასაჩივრებენ.
გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი რურუას გათავისუფლებასაც მოითხოვენ.