მზად ვარ შევხვდე მარგველაშვილს ნებისმიერ დროს - სააკაშვილი

პუბლიკა

„მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციის გამო და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ“, – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

მიხეილ სააკაშვილი პოსტის საშუალებით მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.

„ასევე, მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან“, – წერს სააკაშვილი.


გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ის ზურაბიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბარს არ აპირებს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი შერიგების პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო, მნიშვნელოვანია.

მარგველაშვილის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ ის სააკაშვილთან შესახვედრად შესვლას გეგმავს და შესაბამისი მოთხოვნით ოფიციალურად უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს.