N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა არ მოგვეცა - ომბუდსმენი

პუბლიკა
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აპარატს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცა
დღეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა განახორციელეს ad hoc ვიზიტი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტის განხორციელების დროს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ამ შემთხვევის გამო, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს იქვე მყოფ, არჩევნებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების ძირითად ნაწილთან გასაუბრება.
N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შეგვემოწმებინა როგორც ზოგადი მდგომარეობა, ასევე, პატიმრებისთვის საარჩევნო ხმის უფლების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ცალკეული პატიმრების აქტიური ჩარევითა და ინიციატივით, ვერ მოხერხდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება და ყველა იმ პატიმრის უფლების დაცვა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ე.წ. პრივილიგირებულ პატიმრებს.
საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია აღნიშნავს, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებობს კრიმინალური სუბკულტურის პრობლემა, რაც ხშირად პატიმართა ჩაგვრისა და მათი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის მიზეზია. პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის განსაკუთრებული უარყოფითი მოვლენაა ის, რომ გარკვეული მცირე რაოდენობის გავლენიანი პატიმრები – ე.წ. „მაყურებლები“ – უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს დაწესებულებაში სხვა პატიმრების დაშინებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით“,- ნათქვამია განცახდებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს შეისწავლონ აღნიშნული ინციდენტი; ასევე, უმოკლეს დროში გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები წამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად, კრიმინალური სუბკულტურის გავლენის შესამცირებლად დაწესებულებებში, რაც პატიმართა უფლებების დარღვევის სერიოზულ საფრთეს წარმოადგენს.