ნაძალადევში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მუშის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია - ექიმი

პუბლიკა

ნაძალადევში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი  მუშის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია, – ამის შესახებ „პუბლიკას“ საავადმყოფოში განუცხადეს.

ექიმის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ის  მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში რჩება.

გუშინ ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მიმდინარე მშენებლობაზე, სავარაუდოდ, გარე ლიფტი ჩაწყდა, შემთხვევის შედეგად 1 მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსზე, საიდანაც ორი მუშა ჩამოვარდა, სამუშაოები შეჩერდა.  მათი ინფორმაციით, ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევა დაფიქსირდა.

„ამ წუთის მდგომარეობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო. კერძოდ, სიმაღლეზე სამუშაოების დროს მასალა აჰქონდათ კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან“, – განაცხადა ფერაძემ.