ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ხანუმ ჯეირანოვას მიმართ თანასწორუფლებიანობის დარღვევისა და ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებული სხვა თანამზრახველებთან ერთად თვლიდა, რომ დაზარალებული ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, რის გამოც, 2014 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ლამბალოში, მათ დაზარალებული ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც მსხვერპლის მიმართ ხორციელდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დაზარალებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ.

ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რომელმაც 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, – ამბობენ პროკურატურაში.

ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი კიდევ 4 კაცს. მათ სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ განსაზღვრული.