8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე სასამართლომ 4 პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხანუმ ჯეირანოვას მიმართ თანასწორუფლებიანობის დარღვევისა და ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე 4 ადამიანი დამნაშავედ ცნო.

„2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს.

ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ ერთ პირს, რომლის საქმეც თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილება.


ხანუმ ჯეირანოვას შვილები, ოჯახის წევრები და უფლებადამცველები წლების მანძილზე ითხოვდნენ საქმის გამოძიებას. აქციები იმართებოდა გენერალურ პროკურატურასთან. თუმცა უშედეგოდ. პროკურატურამ სამ პირს ბრალდება მას შემდეგ წარუდგინა, რაც გაეროს ქალთა უფლებათა კომიტეტმა 2021 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა დასკვნა და დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ხანუმ ჯეირანოვას მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და  დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. კომიტეტმა საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის.