ნაჯა ორაშვილის თქმით, საპილოტე ღონისძიებაზე ვირუსის გავრცელების მინიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა

პუბლიკა

კლუბ BASSIANI-ის დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი Facebook-პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საპილოტე საკლუბო ღონისძიების კვლევის შედეგებს განიხილავს.

მისი თქმით, უსაფრთხო ღონისძიებების #openculture იდეა მიზნად ისახავდა ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკის კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და საერთო სტანდარტის დანერგვას.

როგორც ორაშვილი აღნიშნავს, ღონისძიების ფარგლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.5%-ია, რასაც „დიდ გამარჯვებად“ აფასებს.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ მიერ ჩატარებული ორივე კვლევის შედეგები არის შთამბეჭდავი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დახურული სივრცის კვლევის მონაცემები, რომელსაც დაესწრნენ მხოლოდ სრულად ვაქცინირებული (71.08%), კოვიდგადატანილი (12.04%) და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე (16.88%) პირები.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში დელტა შტამი მძვინვარებს და დღიურად 8-11%-იანი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, უსაფრთხოების წესების სრულად დაცვით ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელსაც 1500 ადამიანი ესწრებოდა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.5%-ია, ანუ საშუალოდ 20-ჯერ ნაკლები გავრცელება გვაქვს, ვიდრე ზოგად პოპულაციაში.

ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. და ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად. რაც მთავარია, ეს არის ერთადერთი გზა, რომ ერთგულად და მტკიცედ დავიცვათ საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი – უსაფრთხო სივრცის იდეა.

კარგად გვაქვს გააზრებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიმწვავე და მისი ტრაგიკული შედეგები, სწორედ ამ შედეგების თავიდან ასაცილებლად 2 წლის წინ პირველებმა, საზოგადოებაზე ზრუნვის იდეით დავხურეთ და ახლა მზად ვართ უსაფრთხო ღონისძიების იდეით გავხსნათ კლუბების კარი.

იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში მოგილოცავთ საყვარელ სივრცეებში დაბრუნებას, რომელიც უპირობო ზრუნვასა და პასუხისმგებლობაზე იქნება დაფუძნებული “, – წერს ნაჯა ორაშვილი.


20-თვიანი დახურვის შემდეგ, 8 ოქტომბერს, კლუბ KHIDI-ში ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის პირველ საპილოტე ღონისძიებას უმასპინძლა.

ორგანიზატორების თქმით, საპილოტე ღონისძიება OPEN CULTURE: KHIDI მიზნად ისახავდა დახურულ სივრცეში ხალხმრავალი ღონისძიების მსვლელობის დროს ვირუსის გავრცელების რისკის კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას.