როგორც ჩანს, ყველაზე ხანგრძლივად შეზღუდვა ღამის კლუბებზე გავრცელდება - თურნავა

პუბლიკა

„ვფიქრობ, ღამის კლუბებთან ერთად უნდა განვიხილოთ რა დახმარების შესაძლებლობები არსებობს. ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, ისევე როგორც სხვა ინდუსტრია. როგორც ჩანს, ყველაზე ხანგრძლივად შეზღუდვა ამ სექტორზე გავრცელდება“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

თურნავამ აღნიშნა, რომ ღამის კლუბების სექტორთან შეხვედრისთვის მზაობას ეკონომიკის სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად გამოთქვამს და შეხვედრაზე ერთად განიხილავენ – რა შეიძლება გაკეთდეს მათ დასახმარებლად.

„ძალიან კარგად მესმის, რომ პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ, მინიმალური რაოდენობა შეზღუდვებისა რჩება. მათ შორის, სამწუხაროდ, შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზე, იმიტომ, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია რისკის მატარებელ ერთ-ერთ ჯგუფად“, – აღნიშნავს თურნავა.