20-თვიანი დახურვის შემდეგ კლუბი KHIDI პირველ საპილოტე ღონისძიებას უმასპინძლებს

პუბლიკა

20-თვიანი დახურვის შემდეგ, 8 ოქტომბერს, კლუბი KHIDI ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის პირველ საპილოტე ღონისძიებას უმასპინძლებს.

ორგანიზატორების თქმით, საპილოტე ღონისძიება OPEN CULTURE: KHIDI მიზნად ისახავს დახურულ სივრცეში ხალხმრავალი ღონისძიების მსვლელობის დროს ვირუსის გავრცელების რისკის კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას.

„აღნიშნული კვლევები და შეგროვებული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება ჯანმრთელობის რისკის მინიმუმამდე დაყვანით, რადგან ქალაქებში, სადაც მკაცრი რეგულაციების პარალელურად არ ტარდება ზრუნვის პოლიტიკა და არ ჩნდება ლეგალური ალტერნატივა, გაცილებით საშიში კერები ჩნდება“, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

ორგანიზატორების განმარტებით, გლობალურმა გამოცდილებამ, მაღალკვალიფიციურმა კვლევამ და მრავალათასიანი საპილოტე ღონისძიებების შედეგებმა აჩვენა, რომ ღია და დახურულ ღონისძიებებს აუდიტორიის წინასწარი ტესტირების გზით ნულამდე დაჰყავს ინფიცირებისა და პანდემიის გავრცელების რისკი.

საპილოტე ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ: სრულად ვაქცინირებული პირებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ, ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილ პირებს და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.

ღონისძიების შესახებ მეტი დეტალის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.