„ნამახვანჰესის ალტერნატივა არსებობს" | გამოხმაურება ჰესის მომხრეთა არგუმენტებზე

პუბლიკა

ხვალ, 9 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის საკითხზე მოქალაქეების პეტიციას განიხილავენ. მომხსენებლები იქნებიან ეკონომიკისა მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი და სამოქალაქო ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ ეხმაურება გასულ დღეებში გასაჯაროებულ ხელშეკრულებას, რომელიც სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიას შორის დაიდო და ასევე აფასებენ ჰესის აშენების მომხრეთა არგუმენტებს. „პუბლიკა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე რამდენიმე თვეა, მთელი სახელისუფლებო პროპაგანდის მანქანა ნამახვანჰესის მშენებლობის „გაპრავებით“ არის დაკავებული. „გაპრავებით“ იმიტომ, რომ მთავრობაც და სამთავრობო ექსპერტებიც, რომლებიც მუხლჩაუხრელად იღწვიან, თავი მოაწონონ მმართველ გუნდს, ვერ უარყოფენ იმ ზიანს, რაც ამ პროექტის განხორციელებას, როგორც გარემოსდაცვითი, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით ახლავს თან. საფრთხე ექმნება რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლს, ტვიშის უნიკალურ მიკროზონას, ზუთხის უნიკალურ სახეობას და რაც კიდევ უფრო სავალალოა, რიონის ხეობის ჩაბეტონების გამო, იქ მცხოვრები ოჯახები შეიძლება იძულებული აღმოჩნდნენ, დატოვონ თავიანთი ეზო და სახლი. აღარაფერს ვამბობ გეოლოგიურ და სეისმურ რისკებზე, რომელიც ამ მასშტაბის პროექტებს ახლავს თან და კლიმატის ცვლილების შედეგად ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის არაპროგნოზირებად ხასიათზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნებისმიერი მოცულობის ჰესის მიზანშეწონილობას. გარდა ამისა, მწვავე კითხვები ჩნდება კომპანიისთვის საკუთრებასა და 99-წლიანი იჯარით გადაცემული მიწისა და წყლის თუ სხვა რესურსების უპირობო ათვისებასთან დაკავშირებით. ცხადია, ეს ჩამონათვალი სრულად არ ასახავს იმ ზიანს, რაც რიონის ხეობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოს შეიძლება მიადგეს.

უკვე 30 წელია, საქართველო ნეოლიბერალური ექსპერიმენტისა და პროპაგანდის მსხვერპლია. სწორედ ამ ექსპერიმენტის შედეგია პოლიტიკური ელიტისა და ექსპერტების დიდი ნაწილის კოლონიალური ცნობიერება და მათ მიერ შექმნილი პერიფერიული ეკონომიკა, რომელიც მზადაა, კაპიტულაცია მოახდინოს ნებისმიერ უცხოელ ინვესტორთან, ნებისმიერ ფასად. ნეოლიბერალური სოციალური წესრიგი ცდილობს შექმნას ახალი ადამიანი, რომელსაც არც ეროვნება გააჩნია, არც ემოცია, არც ტრადიცია და არც რაიმე კულტურული მახასიათებელი. მას  მხოლოდ ორად ორი ფუნქცია აქვს: იყიდოს ან გაყიდოს რამე. ცხადია, ასეთი ადამიანების სახელმწიფოც იგივე წესით ცხოვრობს.

28 თებერვალს, ქუთაისში გამართული საპროტესტო აქცია ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხის გენი და ხალხის გონი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სოციალური ინჟინერიის ეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი.

ამიტომ, არ არის გასაკვირი, ხელისუფლების პარალელურად, ძირითადი ოპოზიციური პარტიებიც რომ უჭერენ მხარს ნამახვანჰესის პროექტს, რადგან ორივე მხარე ნეოლიბერალური ცნობიერების მქონე კოლონიალურ ელიტას წარმოადგენს. არც ერთი მათგანი არ უარყოფს ჰესის მშენებლობის შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს, თუმცა ამბობენ, რომ ეს კეთდება ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

მოდით, გავყვეთ მათ ზოგიერთ არგუმენტს:

ენერგოდამოუკიდებლობა: საქართველოში მოხმარებული ყველა ტიპის ენერგია ჯამურად 213 583.4 ტერაჯოულია ყოველ წლიურად, რაც დაახლოებით 60 მილიარდი კილოვატ საათის ეკვივალენტურია და მისი 80%-ზე მეტის იმპორტი ხორციელდება. მათ შორის, საქართველომ 2020 წელს ჯამურად 12.9 მილიარდი კვ/სთ ელექტრო ენერგია მოიხმარა, საიდანაც 1.6 მილიარდი კვ/სთ იქნა იმპორტირებული, ხოლო დამატებით  2.8 მილიარდი კვ/სთ იმპორტირებული წიაღისეული საწვავის შედეგად იქნა გამომუშავებული. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად რომ ჩავაბეტონოთ და გავაქროთ ყველა მდინარე, საკუთარი ნავთობისა და გაზის გარეშე, ენერგოდამოუკიდებლობას მაინც ვერ მივაღწევთ.

ნამახვანჰესი განახლებადი ენერგიის წყაროებს განეკუთვნება – ნებისმიერი ენერგიის წყარო, რომელიც ნახშირორჟანგს არ გამოყოფს, ვერ ჩაითვლება განახლებად ენერგიად, რადგან ენერგიის წყარო მაშინ არის განახლებადი, როცა ის გარემოს პასუხისმგებლიანი, მდგრადი ათვისების პრინციპებს ეფუძნება. ნამახვანჰესის პროექტს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ ამ კატეგორიას.

ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება იაფი: სამინისტრო აცხადებს, რომ კომპანია „ენკა“ კონკურსით შეირჩა და მან ყველაზე იაფი ტარიფით გაიმარჯვა. გარანტირებული შესყიდვის ფასი ოფიციალური მონაცემებით 6.2 ამერიკული ცენტია. ეს ტყუილია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილი შესასყიდი ფასი კილოვატისთვის ყოველწლიურად იზრდება და მაგალითად მეთხუტმეტე წელიწადს მისი შესასყიდი ფასი კილოვატისთვის არა 6.2 ცენტი, არამედ 9.38 ამერიკული ცენტი იქნება. ამიტომ, ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ურჩევს ხელისუფლებას, უარი თქვას ამ პროექტებზე, რადგან, მაგალითად მსოფლიო ბანკის მიხედვით, 2041 წლამდე ბიუჯეტს კომპანიისთვის 631 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს და ესეც 2018 წლის ლარის კურსის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღევანდელი კურსი უცვლელად შენარჩუნდება, ბიუჯეტს მაინც 820 მილიონი ლარი ექნება გადასახდელი. სამინისტრო ამტკიცებს, რომ კომპანია ყოველ წელს ბიუჯეტში უხეში გათვლებით 30 მილიონ ლარს შეიტანს. მაგალითად, მოგების გადასახადის შემთხვევაში, არსებული საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე თუ კომპანიას ექნება სასესხო ვალდებულება, ის მოგებას მიმართავს არა ბიუჯეტში, არამედ სესხის მომსახურებაზე, რაც საგრძნობლად შეამცირებს ბიუჯეტში შეტანილი თანხის მოცულობას.

წყარო: პროექტის ხელშეკრულება

ნამახვანჰესი საბალანსო სიმძლავრეა, რომელიც პიკური მოხმარების დროს აღმოფხვრის იმპორტდამოკიდებულებას:  იმპორტის ჩასანაცვლებლად წელიწადში დღეის მონაცემებით საშუალოდ 2 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავება გვჭირდება საკუთარი სიმძლავრეებით. წინასწარი გათვლებით ჰესის დადგმული სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო გამომუშავება 1 მილიარდ 496 მილიონი კილოვატ საათია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ზამთრის პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, მისი გამომუშავების მაქსიმუმი, ჩვენი შეფასებით, 600 – დან 700 მილიონ კილოვატსაათამდე შეიძლება იყოს, რისი გათვლაც არც სახელმწიფოს და არც კომპანიას ჯერ არ გაუკეთებია. აპრილიდან ივლისამდე დაგროვილი წყლის რაციონალური ათვისების შემთხვევაშიც კი, დეკემბერში კაშხლის რეზერვუარი უკვე დაცლილი იქნება. ამიტომ, ამ მასშტაბის გარემოზე ზემოქმედებისა და ფისკალური რისკების მქონე პროექტისთვის მოშველიებული არგუმენტი, რომ მისი მშენებლობა იმპორტის ჩანაცვლების საუკეთესო საშუალებაა, ასევე მცდარია.

ნამახვანჰესი შექმნის 1400 სამუშაო ადგილს: ენგურჰესზე, რომელიც ნამახვანჰესზე ოთხჯერ დიდია, დასაქმებულია 700 ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ ჰესის მომსახურებაზე მუდმივი დასაქმებულების კვალიფიკაციას და ადგილობრივ შრომის ბაზარს, ნამახვანჰესზე საქართველოს მოქალაქეების ღირებული დასაქმების მაჩვენებელი შეიძლება ორნიშნა ციფრში გამოიხატოს.

რა იქნებოდა საუკეთესო ალტერნატივა?

გარემოსთვის ზიანის მიყენებისა და სხვა სოციალური რისკების გათვალისწინებით, ცხადია, ამ პროექტის განხილვა არც უნდა ხდებოდეს, მაგრამ გავყვეთ ენერგოდამოუკიდებლობის, იმპორტის ჩანაცვლებისა და უსაფრთხოების ლოგიკას.

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის (სსე) მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა“ ვკითხულობთ, რომ 2020-21 წლებში ელექტროსისტემას შეუძლია ყოველგვარი საბალანსო სიმძლავრეების გარეშე აითვისოს 333 მეგავატი ქარისა და 130 მეგავატი მზის ენერგიის სიმძლავრე. ხოლო 2030 წლისთვის, ოღონდ უკვე შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გათვალისწინებით ქარის ენერგიის მაჩვენებელმა 1332 მეგავატს, ხოლო მზის 520 მეგავატს შეიძლება მიაღწიოს.

ცხადია, ქარის სადგურს  ამ შემთხვევაში მზის სადგურთან მიმართებაში უპირატესობა გააჩნია, რადგან ის სეზონურად ბევრად უფრო მდგრადია და სტაბილური. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს ენერგოსისტემას შეუძლია 500 მეგავატამდე ქარის ენერგიის ქსელში ჩართვა ყოველგვარი დამატებითი საბალანსო სიმძლავრეების გარეშე. ნიშანდობლივი ის არის, რომ სამთავრობო პროპაგანდა ქარისა და მზის ენერგიის განვითარების ერთ-ერთ ხელშემშლელ ფაქტორად საბალანსო სიმძლავრეებს ასახელებს, რაც როგორც აღმოჩნდა, ასევე ტყუილია. ხშირად ნამახვანჰესის პროექტის გამართლება განახლებადი ენერგიების განვითარების არგუმენტითაც კი ხდება.

ავიღოთ გორის ქარის ელექტროსადგური. მისი სიმძლავრე 20 მეგავატია, უკანასკნელი წლის გამომუშავება ენერგობალანსის მიხედვით 90 მილიონი კილოვატ საათი. შესაბამისად, რეალისტური გათვლებით, 500 მეგავატი ქარის სიმძლავრე 2 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.

ქარის სიმძლავრე არა მხოლოდ ნაკლებად არის დამოკიდებული წელიწადის დროებზე წყალთან შედარებით, თუნდაც ეს კაშხლიანი ჰესი იყოს, არამედ სწორედ ზამთარში, როდესაც ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ, მას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს ენერგოსისტემის ეს ცხრილიც ცხადყოფს ქარის ენერგიის უპირატესობას ჰიდროენერგიასთან მიმართებაში, სეზონური დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ბუნებრივი პირობების გამო გვიწევს იმპორტის განხორციელება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, ნამახვანჰესის გამომუშავების მაქსიმუმი 600 – დან 700 მილიონ კილოვატსაათამდე შეიძლება იყოს. აპრილიდან ივლისამდე დაგროვილი წყლის რაციონალური ათვისების შემთხვევაშიც კი, დეკემბერში კაშხლის რეზერვუარი უკვე დაცლილი იქნება. ამიტომ, ქარის ენერგია უალტერნატივოა იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით.

ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ ვაბეტონებთ რიონის ხეობას, ვანადგურებთ გარემოს, ვჩუქნით ასობით ჰექტარ მიწას ინვესტორს გაურკვეველი საბაბით, თუ პირველადი მიზანი ენერგოდამოუკიდებლობა და იმპორტის ჩანაცვლებაა, მაშინ, როდესაც შესაძლებლობა გვაქვს ორ წელიწადში დავდგათ 500 მეგავატის ქარის სიმძლავრე გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის გარეშე, რომელიც რეალურად იქნება იმპორტის ჩანაცვლებისა და ენერგო დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი?

იგივე ხელშეკრულების პირობებით, რაც მთავრობამ კომპანია „ენკას“ შესთავაზა, 2030 წლისთვის 1332 მეგავატი ქარის სიმძლავრის დადგმა იქნებოდა შესაძლებელი, თავისი აკუმულატორებით.

პასუხი შეიძლება იყოს რამდენიმე: ან არ გვინდა რეალურად იმპორტის ჩანაცვლება და ენერგოდამოუკიდებლობა, ან გვყავს კოლონიალური ცნობიერების მქონე გადაწყვეტილების მიმღები პირები ხელისუფლებაში, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ უცხოელ ინვესტორთან კაპიტულაცია გამოაცხადონ; ან საქმე გვაქვს კორუფციასთან  და ნეპოტიზმთან –  ბეტონში ხომ მაგარი ფული „იჭრება“?!”, – ნათქვამია განცხადებაში.