ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მსვლელობით ქუთაისისკენ მიემართებიან

პუბლიკა

რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები გუმათიდან მსვლელობით ქუთაისისკენ მიემართებიან.

„დილის 4 საათზე აღიმართა კედელი. ჩვენ არ გვეძლევა შესვლის უფლება ამ კედელი იქეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი პროტესტი მშვიდობიანია და ძალადობრივად არ ვცდილობთ, ეს კედელი გავანგრიოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრნი ვართ და ჩვენთვის არ იქნებოდა პრობლემა მსგავსი მოქმედებები. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ მშვიდობიანი საზოგადოება და ისეთ სახელმწიფოს და მოქალაქის ისეთ სახეს ვქმნით, რომელიც არ გადის კანონის ფარგლებს გარეთ, ეს არის მხოლოდ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საწყისი…

დღეს დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, რომ ჩვენი თანამებრძოლები ხელებს ურტყამდნენ კედელზე. გამოცვივდნენ იქედან სპეცრაზმელები და მოგვტაცეს 4 ადამიანი. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს კედელზე ხელის დარტყმას და ხმაურის გამოწვევას. ამ მოქმედებას ჩვენ დავარქვით „ქართველი ხალხის ხმაური“. ამიტომ ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ შევბრუნდეთ ამ კედლის მიმართულებით და ხამურით გამოვხატოთ ჩვენი გაბრაზება. მივაწვდინოთ ხმა, რომ რასაც გადაწყვეტს ქართული საზოგადოება, უპირობოდ იქნება შესრულებული მთავრობის მხრიდან. ამიტომ მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. დავიძრებით ქუთაისისკენ და შევუერთდებით ჩვენს მეგობრებს“, – მიმართა გუმათში შეკრებილებს აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

11 აპრილიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიციამ დღეს, 14 აპრილს ადგილზე რკინის ღობეც აღმართა და პროტესტის მონაწილეებს ხეობაში არ უშვებს. მათი თქმით, „უსაფრთხოების მიზნით“ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.

იქ, სადაც პოლიციამ რკინის ღობე აღმართა, დილით პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. ინცინდენტის შედეგად შსს-მ  4 პირი დააკავა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.