ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები კომპანიის საქმიანობას დღესაც გააპროტესტებენ

პუბლიკა

აქტვისტები და ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას დღესაც გააპროტესტებს. ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ დღეს საპროტესტო აქცია დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა დილას სამუშაო განახლდა, რის გამოც, იმ ადამიანებმა, რომლებიც ჰესის მშენებლობის ადგილას მორიგეობენ, Facebook-ის დახმარებით მოუწოდეს ყველას, ვისაც შეუძლია, მივიდნენ და ხელი შეუშალონ სამუშაოებს.

„დღეს აქცია არ დაგვიგეგმავს. უბრალოდ, რადგან კომპანიამ განაახლა დილით სამუშაოები, რომელიც გაჩერებული იყო აქამდე, მოვუწოდეთ ხალხს, შეკრებილიყო, ვინც მოახერხებდა, სპონტანურად. დღეს ოფიციალურ აქციას არ ვაპირებდით.

ამ წუთას [13:40] შეჩერებულია სამუშაოები, ოღონდ გვეთამაშებიან. შეაჩერებენ, ხალხი შეთხელდება, ისევ დაიწყებენ. ხალხი როცა მოვა, კომპანიას შევუზღუდავთ საშუალებას, გააგრძელოს მუშაობა. ცენტრალურ გზას არ გადავკეტავთ, უბრალოდ, კომპანიის მანქანებს, თუკი იმუშავებენ, გადაადგილების საშუალებას შევუზღუდავთ“, – უთხრა „პუბლიკას“ ვარლამ გოლეთიანმა.

„პუბლიკასთან“ საუბრისას კომპანია „ენკა“ უარყოფს, რომ ადგილზე განახლებულია სამუშაოები. მათ ვთხოვეთ განემარტათ თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ადგილზე, ვინაიდან სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს ტექნიკა, რომელიც მუშაობს. „ენკა“ ისევ აღნიშნავს, რომ სამუშაოები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. ზოგადად კი, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გაცემული ნებართვის ფარგებში მათ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების უფლება აქვთ და გასულ პერიოდში ადგილზე სწორედ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.

14 ნოემბერს, შაბათს, აქტივისტებმა პროტესტის დროს ცენტრალური გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ვარლამ გოლეთიანმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ ამ დროს ადამიანები დაშავდნენ, რადგან პოლიციელები უხეშად ცდილობდნენ ხალხის გზიდან გადაყვანას და იმის გამო, რომ აქტივისტები ერთმანეთზე ფიზიკურად იყვნენ მიბმულები, წაიქცნენ.


ადგილობრივი აქტივისტები, რომლებიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ სამი კვირაა მშენებლობის ადგილზე მორიგეობენ. ისინი ღამეს კარვებში ათევენ. მათი მოთხოვნაა, მშენებელი კომპანია ტერიტორიიდან გავიდეს და სამშენებლო ტექნიკა გაიყვანოს.

ამავე თემაზე:

► რატომ არაა რაჭაში მართებული ჰესების აშენება – WWF-ის 4 არგუმენტი;

► ნამახვან ჰესის კასკადი და შეშფოთების მიზეზები – გახარიას ღია წერილით მიმართავენ;

► ნამახვანის ჰესების პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ.