ნამახვანჰესზე ვასაძის სარეფერენდუმო საკითხი ცესკომ არ დაარეგისტრირა

პუბლიკა

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ (ერი) დამფუძნებელს, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობების მქონე ბიზნესმენს ლევან ვასაძის მიერ ცესკოში წარდგენილ სარეფერენდუმო საკითხის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, – გადაწყვეტილება ამის შესახებ ცესკოს 17 ივნისის სხდომაზე მიიღეს.

ვასაძისა და მისმა თანამოაზრეების სარეფერენდუმო საკითხი ნამახვანჰესს შეეხებოდა. კერძოდ, მათ მიაჩნდათ, რომ მოქალაქეებს კითხვა ამგვარი ფორმულებირებით უნდა დასმოდათ: „თანახმა ხართ, თუ არა, რომ ნამოხვანის ჰიდრო-ელექტრო სადგური აშენდეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას” შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად?”

რატომ არ დაარეგისტრირა ცესკომ ვასაძის სარეფერენდუმო საკითხი:

როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიოდ და კონკრეტულად. წარმოდგენილი საკითხი არ არის ჩამოყალიბებული მკაფიოდ და კონკრეტულად, ვინაიდან, ამომრჩევლისთვის ბუნდოვანი იქნება საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ კითხვაში კონკრეტულად რომელი ხელშეკრულება იგულისხმება და რომელი პირობების შესაბამისად უნდა აშენდეს ჰიდრო-ელექტრო სადგური.

შესაბამისად, ცესკო წერს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეფერენდუმო საკითხი არ არის მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბებული, როგორც ამას საქართველოს საარჩევნო კოდექსი მოითხოვს.

განკარგულებაში ასევე წერია, რომ სარეფერენდუმო საკითხის დადებითად გადაწყვეტა გამოიწვევს, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე, ჰიდრო-ელექტრო სადგურის მშენებლობის აუცილებლობას, რაც გამორიცხავს კონტრაქტის პირობების შეცვლის თუ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას. ამდენად, რეფერენდუმი არ შეიძლება მოეწყოს კერძოსამართლებრივი ხასიათის სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებულ საკითხებზე.