„ნავალნის დაღუპვის გამო საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ხელისუფლებას" - ბორელი

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ალექსეი ნავალნის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება.

მისი თქმით, ნავალნის გარდაცვალების გარემოებების დადგენის გამოძიების ფარგლებში, რუსეთმა საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას. ბორელის განცხადებით, ბრიუსელში ლიდერები შეხვდნენ ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას და მას სოლიდარობა გამოუცხადეს.

„ევროკავშირი, ჩვენს პარტნიორებთან ახლო კოორდინაციით, არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ხელისუფლებამ პასუხი აგოს და დააწესებს მაღალ საფასურს მათი ქმედებებისთვის, მათ შორის სანქციების სახით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“.

ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი არის მოკლული და ეს იყო „აშკარა მკვლელობა“.

როგორც 19 თებერვალს ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშიმ განაცხადა, ნავალნის დედა და ადვოკატი ქალაქ სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს. იარმიში წერს, რომ ადვოკატი მორგიდან გამოაგდეს.

„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. გამოცემას ანონიმური წყარო, სალეხარდის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი ეუბნება, რომ „მას უთხრეს, რომ ნავალნის სხეულზე აღმოჩენილია სისხლჩაქცევები, თავზე და მკერდზე.

წყარო ამბობს, რომ, როგორც წესი, სხვა შემთხვევებში, ციხეში გარდაცვლილი პატიმრების ცხედრები გლაზკოვას ქუჩაზე მდებარე სასამართლო მედიცინის ბიუროში გადაჰყავთ, მაგრამ „ამ შემთხვევაში ნავალნი რატომღაც კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”.

წყაროს თქმით, ნავალნი სავარაუდოდ გულის გაჩერებით არის გარდაცვლილი, „მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რატომ გაუჩერდა გული”.