ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, როცა ხელს აწერ შეთანხმებას, ეთანხმები პირობებს - დეგნანი

პუბლიკა

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ შეთანხმებიდან ამოეღო ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, თუმცა მან ეს არ გააკეთა. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია“,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

დეგნანის თქმით, სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული განხილვები.

„19 აპრილის შეთანხმებაში ცხადად და აშკარად არის მითითებული, რომ სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მულტიპარტიული განხილვები, რომელიც მოგვიტანს სასამართლოს სისტემის ამბიციურ რეფორმას. იმის გამო, რომ არ ყოფილა ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესი, არ მიგვიღია სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, აქედან გამომდინარე, სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს.

ამ მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება ძალიან ცხადია. მე არ მაქვს ინფორმაცია არანაირ გვერდით შეთანხმებებსა თუ ვერბალურ შეთანხმებაზე, მხოლოდ ის ვიცი, რაც წერია დოკუმენტში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს 19 აპრილს. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია.

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ შეთანხმებიდან ამოეღო ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, თუმცა მან ეს არ გააკეთა. მსურს ასევე ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ათასობით ქართველ პარტნიორთან 30 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს შექმნას დემოკრატია, გააძლიეროს თავდაცვა და უსაფრთხოება, გააუმჯობესოს განათლება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მოახდინოს მისი ეკონომიკის დივერსიფიცირება.

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველებთან ერთად მუშაობს, ვისაც სურს დაეხმაროს საქართველოს შექმნას და გახდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა“, – განაცხადა დეგნანმა.


12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი იმ 6 მოსამართლეს დაუჭირეს, რომელთაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაუწია რეკომენდაცია. ესენი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარია, ბიძინა სტურუა და ლაშა ქოჩიაშვილი. ამ მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორი ე.წ. სასამართლოს კლანის წევრებად მიიჩნევენ.

პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სახალხო დამცველმა. არასამთავრობო სექტორის ნაწილი გასაუბრებებს ესწრებოდა, თუმცა, როგორც წინა დღეებში აღნიშნეს, ისინი დამკვირვებლის როლში იყვნენ.

უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.