სამწუხაროდ, 2012 წლამდე ამერიკის და ევროპის კრიტიკა სასამართლოზე არ მომისმენია - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2012 წლამდე მას არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს შესახებ არ მოუსმენია, მაშინ როდესაც, მისივე შეფასებით, სასამართლო პროკურატურის დანაყოფი იყო.

„ჩვენ ვართ ამერიკის სახელმწიფოს გამორჩეული მეგობრები და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალკეული ჩინოვნიკების, უკმაყოფილება მოსამართლეებთან დაკავშირებით არის გამოთქმული.

ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა გაატარა, 2012 წლამდე სასამართლო პროკურატურის დანაყოფი იყო. მე, სამწუხაროდ, არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს შესახებ არ მომისმენია“, – ამბობს ღარიბაშვილი სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ კრიტიკაზე.


12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი იმ 6 მოსამართლეს დაუჭირეს, რომელთაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაუწია რეკომენდაცია. ესენი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარია, ბიძინა სტურუა და ლაშა ქოჩიაშვილი. ამ მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორი ე.წ. სასამართლოს კლანის წევრებად მიიჩნევენ.

პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სახალხო დამცველმა. არასამთავრობო სექტორის ნაწილი გასაუბრებებს ესწრებოდა, თუმცა, როგორც წინა დღეებში აღნიშნეს, ისინი დამკვირვებლის როლში იყვნენ.

უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.