ნებისმიერმა კომიასიამ შეისწავლოს, დავარღვიე თუ არა რელიგიური გრძნობების კუთხით სტანდარტი - გვარამია

პუბლიკა

„ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ ივანიშვილს პრაქტიკულად უწერია, სააკაშვილი ალაჰია და გვარამია მუჰამედი, მისი მოციქული“, – არც მეტი, არც ნაკლები, ამ ტექსტზე მედავებიან, რელიგიური გრძნობები შეურაცხყავიო“, – წერს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია facebook-ზე.

მისი თქმით, ის მზად არის ნებისმიერმა კომისიამ შეისწავლოს მისი გამონათქვამი.

„დაადგინოს რელიგიური გრძნობების კუთხით დავარღვიე თუ არა თუნდაც მაქსიმალური სტანდარტი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი არ მეგულება ამ ქვეყანაში ჩემზე ტოლერანტული, განსაკუთრებით რელიგიის კუთხით, და ჩემზე და ჩემს არხზე მეტად მებრძოლი, განსაუთრებით რელიგიური უმცირესობების დასაცავად“, – წერს ის.

11 იანვარს ივანიშვილის წერილთან მიმართებაში ნიკა გვარამიას მიერ ზემოაღნიშნულ განცხადებას მუსლიმი თემის წევრები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.

„ნიკა გვარამიას მიერ მოყვანილი მაგალითი (შედარება) (ხუმრობითაც კი) ჩემთვის და ყველა მუსლიმისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი. მე ვგმობ ასეთ ქმედებას და მივუწოდებ ნიკას რომ ბოდიში მოიხადოს მუსლიმების წინაშე“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა აჰმედ იმამკულიევმა.

ხოლო, ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირისა“ და პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას აღნიშნულ განცხადებას არ გააჩნია ნეგატიური კონტექსტი ისლამის და მუსლიმების მიმართ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების დაცვა და ის ერთნაირად უნდა იცავდეს საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტს, მათ შორის მედია საშუალებებს.

„ჩემი აზრით, ეს კომენტარი უნდა განვიხილოთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ჭრილში. საყურადღებოა, რომ ნიკა გვარამიას ამ გამოხატვასთან დაკავშირებული გამოხმაურებები იმ ცალკეული პირების მხრიდან გაჟღერდა, რომელთა ხმა არასდროს ამოუღიათ რელიგიური დისკრიმინაციის, დევნისა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან შემთხვევებზე და არც მუსლიმი თემის ან სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოუხატავთ საჭირო დროს სოლიდარობა. სწორედ ამიტომ მათ განცხადებებს პოლიტიკური მიზანი და სარჩული უფრო აქვს და როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზნით ცდილობენ რელიგიური გრძნობების გამოყენებას“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ამ საკითხს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. მისი თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ფაქტისგან გარკვეული პირები ცდილობენ დაპირისპირების გაღვივებას.

„რაც მიმაჩნია, რომ ისეთივე სახიფათოა, როგორც სიძულვილის ენის რეალურად გამოყენება. აღარაფერს ვამბობ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო რისკებზე“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ რელიგიურ საკითხებზე დაპირისპირების ხელოვნურად წარმოშობისგან.

„მითუმეტეს, რომ, სამწუხაროდ, მუსლიმ თემს ნამდვილად აქვს ქვეყანაში მთელი რიგი პრობლემები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით. ჩოხატაურში/ბუკნარში დღეს განვითარებული ძალიან სამწუხარო მოვლენები ამის ნათელი მაგალითია“, – წერს სახალხო დამცველი.