ნიკა მელიას თქმით, ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და 8 ნოემბერს 8 საათზე აქცია გაიმართება

პუბლიკა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლებისადმი მიცემული მათი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მიხეილ სააკაშვილი ისევ რუსთავში, საკანში რჩება, ამიტომ ხვალ, 8 ნოემბერს 20:00 საათზე თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

„ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა და როგორც უკვე იცით, ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება. მინდა განვაცხადო და ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით პირობა დავდო, რომ ეს არ მოხდება.

ჩვენ გადავარჩენთ ქვეყნის ღირსებას. ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული, თუ ჩვენ საქართველოს კიდევ ერთ პრეზიდენტს მოვუკლავთ“, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ნიკა მელიამ.

მისი თქმით, დღეს საქართველო არის რისკის წინაშე, რომ უარი თქვას დასავლურ ღირებულებებზე და იქცეს ე.წ. ბანანის რესპუბლიკად. საქართველო ახლა გამარჯვებასა და დამარცხებას შორის გზაგასაყარზეა და ამ მნიშვნელოვან პერიოდში ქვეყანას დამარცხების უფლება არ აქვს. ამისთვის, მელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ბოლომდე იბრძოლონ.

„ყველანი ხვალ, თავისუფლების მოედანზე! 8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ“, – თქვა ნიკა მელიამ.