ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა 3 ნოემბერს დაიწყება

პუბლიკა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, გუშინ დასრულდა ორდღიანი წინასასამართლო სხდომა ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახში ჩადენილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.

საქმეში დაზარალებულად ცნობილი ნელი დოროყაშვილის ინტერესებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იცავს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდის საფუძველს, რომ ხუთივე ეპიზოდზე, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.

PHR-ში ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.

„სისხლის სამართლის საქმეში, პროკურატურის მხრიდან მოპოვებული მტკიცებულებები შეადგენს 11 ტომს. მათ შორისაა ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა აუდო და ვიდეო მასალები, ათეულობით მოწმის ჩვენება, არაერთი წერილობითი მტკიცებულება, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ადასტურებს დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური დაზიანების არსებობას და დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებას.

წინასასამართლო სხდომაზე, 11 ტომიან საქმეს გამოაკლდა  მხოლოდ ერთი დოკუმენტი – პოლიციის თანამშრომლის მხრიდან დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური ზიანის ამსახველი ოქმი. იგივე მიზნით, საქართველოს პროკურატურას საქმეში წარმოდგენილი აქვს ფიზიკური ზიანის ამსახველი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც დეტალურად აღწერს დაზარალებული ნელი დოროყაშვილის მიმართ მიყენებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს. აღნიშნული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

შესაბამისად, 11 ტომიან საქმეში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ოჯახში ძალადობის ბრალდების ხუთივე ეპიზოდის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება სრულად იქნა დასაშვებად ცნობილი, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

საქმეზე არსებითი განხილვა 2020 წლის 3 ნოემბერს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.


პროკურატურის მტკიცებით, 21 მაისს თბილისში ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. ჩოგბურთელი 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.