ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანა სააპელაციომ კანონიერად მიიჩნია - PHR

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანა. ინფორმაციას ორგანიზაცია PHR ავრცელებს.

სააპელაციოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს ის განჩინება, რომლის თანახმადაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პანსიონში მოთავსებული შშმ ბავშვების დაუყოვნებელი, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, გამოყვანა და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსება (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლში) ან ოჯახებში დაბრუნება დაევალა.

საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში საქართველოს საპატრიარქოს ქ. ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონმა 14 ივნისს გაასაჩივრა.

PHR -ის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის მოთავსება ბავშვთა სახლში (ინსტიტუციაში) წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას, რომელიც მთავრობამ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ ბავშვზე ზრუნვის ყველა შესაძლებლობა ნაცადი და ამოწურულია. ამიტომ ბავშვები ასეთ დაწესებულებაში მხოლოდ მინიმალური დროით შეიძლება დარჩნენ.

„რაც შეეხება საჩივრის ავტორის [ნინოწმინდის პანსიონის] აპელირებას ბავშვების მოსმენის უფლებასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ისეთი გარემო, რომელშიც პატივისცემით მოეპყრობიან ადამიანის ღირსებას და უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება“,  – წერს PHR.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 05 ივნისის დროებითი განჩინება.

როგორ გრძელდება საქმე

PHR-ის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე, გარდა დროებითი განჩინებისა ორგანიზაციამ სასამართლოს ასევე მიმართა ძირითადი სარჩელით, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში არსებული ყველა ბავშვთა სახლის დახურვა და ბავშვების ოჯახებში დაბრუნება, ოჯახების გაძლიერების გზით.

„ამავე თემაზე, სამართალწარმოება გრძელდება გაეროს ბავშვთა კომიტეტში. სისხლის სამართლის გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს პანსიონატში ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე და PHR აგრძელებს ბავშვების და ყოფილი აღსაზრდელების უფლებების დაცვას, “- ამბობენ ორგანიზაციაში.