ნონა წოწორია: უკრაინაში მოსამართლეების ვეტინგის პროცესში მე არ ვმონაწილეობდი

პუბლიკა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია წერს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ლევან თევზაძემ მასზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

17 მარტს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა ე.წ. ვეტინგის შესახებ ვრცელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელშიც გააკრიტიკა ვეტინგის მომხრე მოსამართლეები და პროცესი სასამართლო ხელისუფლების დამორჩილების მცდელობად შეაფასა.

მეთოფიშვილის პოსტის კომენტარებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ლევან თევზაძემ დაწერა:

„ერთსაც მივამატებდი, ე.წ. ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა ნონა წოწორიამ, ზურაბ ადეიშვილის პირველმა მოადგილემ, არ გეჩვენებათ, მან ჩაატარა და ძალიან მალევე მათი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე (რამდენიმე მილიონის) დააკავეს“.

თევზაძის ამ კომენტარს გამოეხმაურა ნონა წოწორია და განაცხადა, რომ ის უკრაინაში არა ვეტინგის პროცედურაში, არამედ გენერალური პროკურორის და ანტიკორუფცული პროკურორის შერჩევაში მონაწილეობდა:

„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩემზე გავრცელებულ ინფორმაციას უნდა გამოვეხმაურო. უკრაინაში მოსამართლეების ვეტინგის პროცესში მე არ ვმონაწილეობდი. მე ვმონაწილეობდი გენერალური პროკურორის მოადგილის/ მთავარი ანტიკორუფციული პროკურორის შერჩევის პროცესში, რომელმაც უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთმის ფაქტზე დააკავა. რაღაც ისეთი მაინც მოიტყუონ, ადვილად რომ არ იძებნებოდეს“, – დაწერა წოწორიამ.

ნონა წოწორიას სახელს ხშირად ახსენებს ხელისუფლება, როცა ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგ საკუთარ არგუმენტებზე საუბრობს.

„ოცნების“ წარმომადგენლები იმეორებენ, რომ უკრაინაში ვეტინგი „ადეიშვილის მოადგილემ“ ჩაატარა, რითაც ცდილობენ როგორც ნონა წოწორიას დისკრედიტაციას, ასევე ვეტინგის პროცედურის, რაც ევროკომისიის რეკომენდაციაა მართლმსაჯულების რეფორმის ნაწილში.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისერების შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ე.წ ვეთინგს, ანუ კეთილსინდისერების შესამოწმებლად მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას მიმართეს, არიან: უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.