„ოცნების" ორგანიზებული აქცია ერთ საათს გაგრძელდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ორგანიზებული აქცია ერთ საათს გაგრძელდა. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ირაკლი კობახიძემ, კახა კუჭავამ, თეა წულუკიანმა, ნინო ლაცაბიძემ და კახი კალაძემ. აქცია მიჰყავდა ირაკლი ჩიქოვანს. ღონისძიების ბოლოს შესრულდა „ჩემი საქართველო აქ არის“ ახალი ვერსია. „ღონისძიებაში მონაწილეობენ: ანსამბლი „ბასიანი“, „ქართული ხმები“, „თეატრალურის კვარტეტი“, „ალილო“, სამების საკათედრო  ტაძრის გუნდი და „შვიდკაცა“.

აქციის მონაწილეებმა მოედნაზე 3 საათიდან დაიწყეს შეკრება. თავისუფლების მოედანზე დროზე ადრე მისულ მოქალაქეებს მუსიკალური ბენდები ამხნევებდნენ. 

დღეს თბილისში 5 საათზე თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის ორგანიზებით აქცია გაიმართა. „ქართული ოცნების” განმარტებით, აქცია საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიებაა. „ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე შეიკრიბება იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, როგორია ქართველი ხალხის ძალა ბოროტების დასამარცხებლად”, – განაცხადა კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

აქციაზე მონაწილეები პარტიამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანა. ტრანსპორტირებაზე იზრუნა მმართველმა პარტიამ. მერობის კანდიდატის განცხადებით, ასევე პარტიის მიერ დაფინანსდა „კვების ფული”.