„ოცნების" საგარეო: შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონოდ ამოქმედების გამო 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო. დღეს, 1 მაისს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სანქცირებული ავიაკომპანიებით ფრენები დაიწყო. ფრენები აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ შეჩერებული იყო.

უწყების განცხადებით, რუსული ავიაკომპანიის  მიერ 2025 წლის 1 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეში დარღვევაა.

„ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ასევე შემაშფოთებელია რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 1 მაისს სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება – რუსეთის რკინიგზის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, სოჭის სადგურსა და სოხუმს შორის სამგზავრო მატარებელი „დიოსკურია“ ყოველდღიურად იმოძრავებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად”. – წერია განცხადებაში.