„ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა 2021 წელს 155 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების სტატისტიკა შეისწავლა და კორუფციის რისკების შემცველი შემთხვევები გამოავლინა.

ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის 1 იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში 23,227,322 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 71% – 16,585,660 ლარი „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოზე” მოდიოდა, მეორე იყო პარტია „ლელო საქართველოსთვის” 2,330,556 ლარით, ხოლო მესამე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2,212,912 ლარით.

მათი კვლევით, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში 3 მლნ ლარამდე გაიღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ.

ორგანიზაციის ცნობით, კვლევისას განსაკუთრებული აქცენტი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” შემომწირველებზე გაკეთდა. კერძოდ, შევხედეთ, თუ რამდენი მათგანი იყო იმ ბიზნეს კომპანიებთან დაკავშირებული, რომლებსაც მიმდინარე წელს გარკვეული სარგებელი აქვთ მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან.

„როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს (1 იანვარი – 25 ოქტომბერი) ჯამში დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში მლნ ლარამდე გაიღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2″, რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა  „ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს” ჯამში 45,000 ლარი შესწირეს.

ყურადღებას ასევე იქცევს შპს „ანაგი”, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან” დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას ჯამში 110,000 ლარი შესწირეს.

კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს არალი”, რომელმაც 2021 წელს 20.6 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილის კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მსხვილი კონტრაქტების მიღებასა და ამ პროცესში კორუფციული რისკების არსებობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ადრეც საუბრობდა.

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო”, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნესჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” წლის განმავლობაში ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში გაერთიანებული პირები თითქმის ყოველ წელს სოლიდურ თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას და ეს, როგორც წესი, ძალიან მოკლე დროში 1-2 დღის შუალედით ხდება ხოლმე.

სხვა წლების მსგავსად, ასევე, დიდ ყურადღებას იქცევს შპს „არსაკიძე-2000”, კომპანია, რომელმაც 2021 წელს დაახლოებით 4 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. ამ კომპანიის მფლობელები ამავე დროს დაკავშირებული არიან შპს „ლილო-მოლთან” – მსხვილ ბიზნესჯგუფთან, რომლის პარტნიორები წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური დონორები არიან და ისინიც, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების მსგავსად, მოკლე დროის შუალედში სწირავენ ხოლმე ფულს მმართველ პარტიას.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 10 ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორს შორის მოხვდა, არის შპს „იბოლია”. რომელმაც „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” 20,000 ლარი შესწირა. ამ კომპანიის, მისი მფლობელის, პარლამენტის ყოფილი წევრის, იოსებ მაკრახიძის და მისი ოჯახის წევრების კომპანიების მიერ საეჭვო გარემოებებში ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, ასევე არაერთხელ უსაუბრია.

რაც შეეხება მმართველი პარტიის შემომწირველების ან მათი კომპანიების მიერ მიღებულ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს, ხუთი ყველაზე მსხვილი ასეთი კომპანია მოცემულია ცხრილში 2. ამ ხუთეულიდან აღსანიშნავია სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო, რომელმაც წლის განმავლობაში 3.2 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი მიიღო, ხოლო მისმა დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ მმართველ პარტიას 55,000 ლარი შესწირა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი ერთ, 2.5 მლნ ღირებულების კონტრაქტზე მოდიოდა, რომელიც კომპანიას სსიპ-მა „ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ” „კორონავირუსის” ეპიდემიის მართვის ღონისძიებების ფარგლებში გაუფორმა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღო შპს „ნიუ ტიფლის” იყო, რომელიც უკვე ნახსენებ შპს „არსაკიძე – 2000”-სა და შპს „ლილო-მოლთან” დაკავშირებული ბიზნესჯგუფთან არის დაკავშირებული“, – წერს „გამჭვირვალობა.

ორგანიზაციის კვლევას სრულად გაეცანით ბმულზე.