ოფიციალურად გაფორმდა ენმ-ს და გახარიას პარტიის კოალიცია - სუბარი ჩხოროწყუზე

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ბრიფინგით გამოეხმაურა. პარტიის ცენტრალურ ოფისში სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ამით საბოლოოდ დამტკიცდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის კოალიცია.

ჩხოროწყუში დღეს საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. ის პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის საკითხზე საბოლოო კონსესუსი შედგა.

სოზარ სუბარმა გაიხსენა მმართველი პარტიის წარსული განცხადებები, რომლებშიც საუბარი იყო იმაზე, რომ „გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს და რომ პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ“ და განაცხადა, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა.

„დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია.

ამასთანავე, მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა.

რეალურად, მთელი ეს თვეები, ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა, დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ სრული მხარდაჭერით, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

ეს არის მათი კოალიციის პირველი ოფიციალური პრეცედენტი და ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ, სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ.

დადასტურდა, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი, უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით, შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას“, – განაცხადა სუბარმა.