ოხანაშვილი: ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე

პუბლიკა

დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა „იმედის” ეთერში აშშ-ის საელჩოში ტელეკომპანია „პირველის” დირექტორთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი და სთხოვა, რომ რაღაცის თქმა სურდა.

„ის მომიახლოვდა და ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები თქვა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი. ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია. ის მაშინვე, მყისიერად გაეცალა იქაურობას სწრაფი ნაბიჯებით. პრაქტიკულად ეს იყო წარმოუდგენელი რამ, ვერც გავაცნობიერე, თუ რასთან მქონდა საქმე. თუმცა ფაქტი ის იყო, რომ მან უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო და შესაბამისად ლოგიკურია, რომ მე მქონდა ინტერესი, მისთვის მეკითხა, თუ როგორ გაბედა ეს მან აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე და როგორ გაბედა ადამიანის მიმართ, რომელსაც პრაქტიკულად არც იცნობს.

რამდენიმე წუთში ის დავინახე, რა დროსაც ვკითხე, თუ რატომ იკადრა და როგორ გაბედა ეს უბინძურესი პროვოკაცია, რა დროსაც მან გააგრძელა შესაბამისი საუბარი. ამას ჩემი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, ადეკვატური პასუხი, თუმცა არა ისეთი ბინძური საუბარი, რაც მისი მხრიდან იყო. ამ დროს მოხდა მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა. მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, ასევე აშშ-ის საელჩოს მხრიდან – ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით.

მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩაწერია საელჩოს კამერებზე, როგორ მოდის ჩემთან, როგორ მიხმობს გვერდით და როგორ მესაუბრება. ასევე მე როგორ მივდივარ და ვეკითხები,თუ რატომ გაბედა უბინძურესი პროვოკაცია. ეს არ არის ჩვეულებრივი საუბარი და კრიტიკა,ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანდა“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, გასარკვევია, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ვატო წერეთელი

“რაიმე თრობის ქვეშ ხომ არ იმყოფებოდა, ნარკოტიკული, ალკოჰოლური თუ ნებისმიერი სხვა. ეს გადასამოწმებელია… ეს ეჭვი ჩნდება იმიტომ, რომ თქვენ წარმოგიდგენიათ? აშშ-ს, სტრატეგიოული პარტნიორის ღონისძიებაზე ხარ მონაწილე, შენს მეგობრებთან საუბრობ, ადამიანი მოდის, გაყავხარ გვერდით და რაღაცა ქუჩური, ბინძური, ამაზრზენი, ამორალური დამოკიდებულებით და სიტყვებით მოგმართავს. და ამის შემდეგ, თურმე კიდევ ეს ადამიანი ყოფილა დაჩაგრული.” – ამბობს ოხანაშვილი.

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა. მგალობლიშვილი ასევე მმართველი პარტიის დეპუტატია.

„უამრავი თვითმხილველი იყო. ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ოხანაშვილმა მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები… ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ-ის საელჩოში ამას რომ დგამენ, წარმოგიდგენიათ, ქვეყანას რას უშვრებიან?!”, – განაცხადა წერეთელმა.

LB loan image desktop LB loan image mobile