ოხანაშვილი: პრინციპული წინააღმდეგობა პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა-არგაგზავნასთან არ გვაქვს

პუბლიკა

ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გაგზავნასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ევროპულ სტრუქტურებთან.

„გაურკვევლობები რომ არ იყოს და უფრო ნათელი მოეფინოს ამ საკითხს, კონსულტაციის რეჟიმში ვართ ევროპულ სტრუქტურებთან, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ვენეციის კომისია მუშაობს ამ კანონპროექტზე დასკვნის დასადებად, თუმცა ვაზუსტებთ ამ საკითხებს.

„მოისმინეთ ასევე ქალბატონი აშშ-ის ელჩის მოსაზრება. ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს კონკრეტული ოფიციალური განცხადება ევროკავშირის ელჩის მხრიდან, გარკვეული თავშეკავებაა ამ საკითხზე კომენტირებისას. ამიტომ, იმისთვის, რომ გაირკვეს, რა ხდება ამ კანონთან დაკავშირებით – ვენეციის კომისია ამზადებს დასკვნას, არ ამზადებს, რაიმე შეფერხება იქნება, თუ რა იქნება, და აქედან გამომდინარეც მივიღოთ გადაწყვეტილება, დასკვნა გავაგზავნოთ თუ – არა, ვართ კონსულტაციის რეჟიმში. პრინციპული წინააღმდეგობა გაგზავნა-არგაგზავნასთან დაკავშირებით არ გვაქვს“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა. მის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ „კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გამოიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველომ კანონის მიღებამდე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს.