ოხანაშვილს გადავუჩურჩულე, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მათ კისერზეა - წერეთელი

პუბლიკა

„TV პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, საელჩოს ღონისძიებაზე ანრი ოხანაშვილს უთხრა, რომ ტელეკომპანიის დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მათ კისერზეა. ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

„სწორედ ლექსო ლაშქარავას თემაზე იყო ის ყურში გადაჩურჩულება ანრი ოხანაშვილის მიმართ. მე მივეცი დღეს [ჩვენება]. ანრი ოხანაშვილი მე ვნახე, მოდიოდა ლექსო ლაშქარავას წლისთავი, ჩვენ ამაზე სულ ვლაპარაკობთ. მე ვუთხარი მას, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე არის-მეთქი და მართლა ამ ძალიან მაგარი ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილი ირაკლი ღარიბაშვილისა და იმ პარლამენტის კისერზეა,“ – განაცხადა ვატო წერეთელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.


პროკურატურის ცნობით, 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (ძალადობა და მუქარა).

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა. მგალობლიშვილი ასევე მმართველი პარტიის დეპუტატია.

„უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო… ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა“, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამერიკის საელჩოზე მომხდარ ინციდენტს.