პროკურატურის ცნობით, ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“, – ნათქვამია განცხადებაში.
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ია სირანიშვილის თქმით, თამაზ ელიზბარაშვილის სახლის ჩხრეკისას პოლიციელები აგრესიულად იქცეოდნენ, მას ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„5-მა კაცმა, 5-მა პოლიციელმა წიხლებით გამიგდეს. ესენი პოლიციელები არიან თუ კრიმინალები?! ასეთი რამე ცხოვრებაში არ გამომიცდია, ადვოკატს წიხლებს ურტყამდნენ! რომელ დაცვაზეა ლაპარაკი!“ – თქვა ადვოკატმა მას შემდეგ, რაც ელიზბარაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს და მანაც შენობა დატოვა.
თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით მისი სახლის ჩხრეკისას დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თამაზ ელიზბარაშვილი დღეს, დაახლოებით 17:00 საათისთვის თავის სახლთან შეაჩერეს.
პოლიციელებმა ელიზბარაშვილი მანქანიდან გადმოიყვანეს და განუცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მისი პირადი ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ჩართულ Facebook Live-ში ისმის, რომ შსს-ს თანამშრომელმა მას მიზეზად 30 აგვისტოს მომხდარი შემთხვევა დაუსახელა. მოგვიანებით ჩხრეკა დაიწყო ელიზბარაშვილის სახლსა და თავშესაფარშიც.