ომბუდსმენი ბავშვთან დაკავშირებით უგულავას განცხადებას გმობს

პუბლიკა

სახალხო დამცველი ეხმაურება 9 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ის საფრთხის შემცველია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის და არღვევს მის საუკეთესო ინტერესს – დაცული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობისგან.

„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება. ამგვარი ქმედება არამხოლოდ არღვევს კონკრეტული ბავშვის უფლებას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვას ქვეყანაში. დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქო-ემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საჯარო პირებს და პოლიტიკოსებს, პოლიტიკური დებატებისას თუ სხვა ნებისმიერ პროცესში, იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის სტანდარტით და არ მოახდინონ ბავშვის მიმართ ძალადობის, ბულინგის თუ სხვაგვარი ქმედების წახალისება”, – ნათქვამია განცხადებაში.

უგულავას ეს განცხადება ასევე გააკრიტიკეს სხვა უფლებადამცველებმაც.

მოგვიანებით გიგი უგულავამ ბოდიში მოიხადა:

„ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია – მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის. კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ – რომ ბავშვებს გავეშვათ.

პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება”, – წერს უგულავა facebook-ზე.

 

LB loan image desktop LB loan image mobile