ომბუდსმენი ჟურნალისტების შესაძლო უნებართვო მიყურადების ფაქტს ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი მედიის წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების ფაქტს ეხმიანება.

ომბუდსმენი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ, რასაც „ნეგატიური გავლენა აქვს ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების ისედაც გაუარესებულ ხარისხზე. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში შექმნილი საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, ისევე როგორც მაუწყებლის პროგრამების შინაარსის გაუმართლებელი კონტროლი“, – წერს ომბუდსმენი.

„მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკას მსუსხავი ეფექტი აქვს ჟურნალისტების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე და მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას. აღნიშნული მავნე პრაქტიკა განსაკუთრებით სახიფათოა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის, სადაც წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა დამატებით მნიშვნელობას იძენს. ჟურნალისტებთან კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევამ შესაძლოა, აიძულოს პოტენციური მამხილებელი, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისგან, რაც საბოლოოდ, საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების საზოგადოებრივი ზედამხედველობის მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის.

ამდენად, სახალხო დამცველი აქტიურად მიადევნებს თვალს „მთავარი არხის“ თანამშრომლების შესაძლო მიყურადების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას და აქვე მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს – მოახდინოს საზოგადოების პერიოდული, პროაქტიული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.