ვთხოვთ ომბუდსმენს, NGO-ებს, საერთაშორისო პარტნიორებს, დაინტერესდით „მთავარ არხში“ თვალთვალის ფაქტით - გაბუნია

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია „უცნობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

გაბუნია ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს რომ ჩანაწერმა ცხადყო, რომ ხელისუფლება მედიას სამუშაო ოთახებშიც უსმენს.

გაბუნიას თქმით, საუბარი, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის, 2021 წლის ნოემბერში შედგა იმ ოთახში, სადაც „პოსტ ფაქტუმის“ გუნდის წევრები გადაცემებს გეგმავენ.

გაბუნია მიმართავს სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით და იქონიონ სათანადო რეაგირება.

„რა მიზანს ემსახურებოდა ამ ჩანაწერის ახლა გაჩენა? – როგორც, თავის დროზე, ჰაკიმ ფაშას სახელით ვიდეოს გამოგდება და შემდეგ გამოძიების დაწყება, ან დავით ხიდაშელის მიერ რუკების ჩამოტანა და კარტოგრაფების საქმის წამოწყება. რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამჯერად ამ ჩანაწერის გამოქვეყნება? – ამას, დიდი ალბათობით, მალე ვნახავთ და გავიგებთ. თან რისთვის დასჭირდათ ჩვენი საუბრიდან სწორედ ამ ფრაგმენტების გამოყენება? ხომ ნათელია, რომ მხოლოდ ეს მონაკვეთი არ იქნება ჩაწერილი – წარმოიდგინეთ, სინამდვილეში რამდენს იწერენ და რამდენ ადგილას, რამდენ ოთახში! იმ ისტორიის, რომელიც უცნობმა გვიამბო, ბუნებრივია, არავის სჯერა…

ფაქტია, რომ მასალა გამოქვეყნდა სამთავრობო არხზე და ცალკე დამატებით გაშუქდა მთავარი სახელისუფლებო მედიასაშუალების, „იმედის“ პირდაპირ ეთერში, რითაც სხვა მიზნებთან ერთად ვითომ ჩვენი, კრიტიკული მედიების მხილებას შეეცადნენ, სინამდვილეში კი კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი, რომ ყველგან და ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ.

ჩვენი საუბრის შინაარსის და დეტალების განხილვას მე არ ვაპირებ, ისევე, როგორც ამ არხზე არ განვიხილავთ ხოლმე სხვა უკანონო ჩანაწერების შინაარსს, თუ მასალა არ შეიცავს დანაშაულის ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ფაქტებს. ერთს ვიტყვი მხოლოდ – ძალიან მაინტერესებს, სად დაინახეს ამ ჩანაწერში იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თურმე ვახდენთ მოვლენების ფაბრიკაციას და ვგეგმავთ ჩვენ მიერვე გამოგონილი ამბების გაშუქებას? წერილობით მესიჯებს რომ თან აჩვენებ და თან ახმოვანებ, ეს გაყალბება ჰგონიათ? გაგების პრობლემასთანაც გვაქვს აქ საქმე, აშკარად და, პლუს, სრულიად შეგნებულად იტყუებიან.

დანაშაული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აქ მხოლოდ ერთ ფაქტშია – რომ საქართველოში ტოტალური უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს, ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, რა მეთოდით.

სამწუხაროდ, ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა – საკუთარ დანაშაულს რანაირად გამოიძიებენ? გამოძიებას თუ დაიწყებენ, ისევ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად და ძალაუფლების კიდევ უფრო მყარად მისატაცებლად, როგორც ეს მოხდა ჰაკიმ ფაშას ვიდეოს ან ხიდაშელის მიერ რუსეთიდან ჩამოტანილი რუკების გასაჯაროების შემდეგ.

ამიტომ მე არ მოვითხოვ იმას, რასაც აზრი არ აქვს. მე ვთხოვ სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს, ელჩებს, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს – აუცილებლად დაინტერესდით „მთავარ არხში” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით, შეისწავლეთ თქვენ ეს ფაქტი და მოახდინეთ სათანადო რეაგირება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ არსებობს არც მიუკერძოებელი გამოძიება და არც დამოუკიდებელი სასამართლო. თქვენს გარდა ჩვენ აღარ დაგვრჩა დამოუკიდებელი ინსტანცია, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ.

ჩვენო ადგილობრივო, ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო, ნახეთ, რა პირობებში უწევს მუშაობა კრიტიკულ მედიას საქართველოში – „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი აბსურდული ბრალდებით ციხეშია, ჟურნალისტებს ოფისებში გვისმენენ და გვითვალთვალებენ – როგორც რუსეთში; ქუჩაში გვირტყამენ, გვასახიჩრებენ და სასიკვდილოდ გვწირავენ – ისევე, როგორც რუსეთში – და, პარალელურად, მიტაცებული პარლამენტით ისეთ კანონებს იღებენ, რომ ჩვენ არსებობა ვეღარ შევძლოთ, ფინანსურად ჩამოვიშალოთ და დავიხუროთ. ამავე მიზნით ტოტალურად აშინებენ ბიზნესმენებს, რომ ჩვენთან ვერავინ გაბედოს თანამშრომლობა.

„ქართულ ოცნებას” ვეტყვი: ჩანაწერების გამოქვეყნებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას და უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ოლიგარქის ხელისუფლების მხილებას, რომელიც საქართველოს დასავლეთს აცილებს და პუტინის ინტერესებს ატარებს“, – განაცხადა მან.

„უცნობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში საუბრის ავთენტურობას მისი ფიგურანტები, ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი, ლაშა კვესელაძე და პროდიუსერი ეკა სარიაც ადასტურებენ.

ტელეწამყვანმა და მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) სავარაუდოდ „მთავარი არხის“ თანამშრომლების საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა.

ჩანაწერს თან ერთვის აღწერა, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, Post Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია თავის თანამშრომლებს, ეკა სარიას, ლაშა კვესელაძესა და გიორგი გვიშიანს ესაუბრება.

LB loan image desktop LB loan image mobile