ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, თავი შეიკავონ აქციის მონაწილეების სანქცირებისგან

პუბლიკა

„სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ქალაქში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებას“, – ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება.

„2020 წლის 9 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 22:00-05:00 საათებში გადაადგილება სხვადასხვა ქალაქების ტერიტორიაზე.  პარალელურად, 9 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, სადაც ადამიანები გააპროტესტებენ ამ შეზღუდვას და საარჩევნო დარღვევებს.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხს და ამ კუთხით ეფექტური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების მიღების აუცილებლობას, რათა ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული.

თუმცა განვმარტავთ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტურობა და მიზანშეწონილობა.

სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებას.

ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს მანიფესტანტებს, შეკრებისას დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


პარლამენტის წინ მიმინარე აქციაზე, პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. მოძრაობის წევრების თქმით, დაკავებულები არიან მათი აქტივისტები: ნოდარ რუხაძე, ლექსო მაჭავარიანი და გიორგი მჟავანაძე.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია სახელწოდებით, „დაუმორჩილებლობა“ პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებშიც გრძელდება. აქცია 10 საათზე დაიწყო.

დღეს 6 საათზე ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა, ნაწილი ამ დრომდე რჩება პარლამენთან. მათი მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები, თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო კომისიის შეცვლა, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.


გუშინ, 8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ის შეფასებით, ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციამ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.

შსს-ის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, სულ 19 პირია დაკავებული.

LB loan image desktop LB loan image mobile