ომბუდსმენი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იქ, კარგი იქნება - წულუკიანი ნინოწმინდის პანსიონატზე

პუბლიკა

დღევანდელ ბრიფინგზე კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ ჰკითხეს, სადაც სახალხო დამცველის რწმუნებულებს მონიტორინგის უფლება არ მიეცათ.

წულუკიანი ამბობს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ნინოწმინდასა და ყველა მსგავსი ტიპის დაწესებულებაში, რომელსაც მართავს ესა თუ ის ეპარქია, უპრობლემოდ შედიან. მისივე თქმით, სოციალური მუშაკები აღნიშნულ პანსიონშიც იმყოფებოდნენ და მათი ვიზიტის შედეგებიც ცნობილია.

„თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით. მე, პირადად, ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას, რომელიც, მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, არც ერთი პრობლემა მე, პირადად, როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტს, არ მინახავს. ნინოწმინდას არ ვიცნობ, მაგრამ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ და სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება“,- განაცხადა წულუკიანმა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ.