ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს გატარდეს პრევენციული ღონისძიებები კინოფილმის ჩვენებისას

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გატარდეს პროაქტიული პრევენციული ღონისძიებები „ქართული მარშის“ მიერ კინოფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებისას თბილისისა და ბათუმის კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირების დაანონსებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევისგან, მათ შორის არ მოახდინონ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირება. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ” მოცეკვავე გეიწყვილის შესახებაა. მისი რეჟისორია ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორი ლევან აკინი. თბილისის კინოთეატრებში ფილმის ბილეთების 99,6% პრემიერამდე 5 დღით ადრე გაიყიდა. ფილმის წინააღმდეგ პროტესტს გეგმავს „ქართული მარში”. მათი ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ არ დაუშვებენ ფილმის საქართველოს კინოთეატრებში პრეზენტაციას. ასევე დღეს „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ის და მისი მომხრეები კინოთეატრებში ფილმის პრემიერის გამართვას არ დაუშვებენ. „პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – განუცხადეს „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, გურამ ფალავანდიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.