ომბუდსმენი წულუკიანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს გამო სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის ქმედების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს. ინფორმციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა და იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.

ვიდეოჩანაწერებიდან ორი – ასახავდა სახალხო დამცველის რწმუნებულების პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებთან ვიზიტის კონკრეტულ მონაკვეთებს. ჩანაწერები, იმავე დღეს, გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდზეც. საჯაროდ გავრცელებულ ჩანაწერებში სახალხო დამცველის რწმუნებულების სახეები არ არის დაფარული და მათი იდენტიფიცირება მარტივად შესაძლებელია“, – წერია განცხადებაში.

მათი თქმით, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი უკრძალავს იუსტიციის სამინისტროს სახალხო დამცველის რწმუნებულისა და პატიმარის შეხვედრის რაიმე სახის მიყურადებას ან თვალთვალს.

„ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანება. ბრძანება ადგენს ვიდეო ჩანაწერების დაარქივების კონკრეტულ საფუძვლებს, მათი დაარქივების მიზნობრიობას, დაარქივებაზე პასუხისმგებელ პირებს, პროცედურას და შენახვის ვადებს.

ვინაიდან სახალხო დამცველის ერთ-ერთი რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება და გაუგებარია ვიდეო ჩანაწერის დაარქივების მიზნობრიობა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მხრიდან ვიდეო ჩანაწერების დაარქივებისა და ხანგრძლივი ვადით შენახვის პროცესში სახეზეა ცალსახა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, ორივე რწმუნებულის ეპიზოდში – მათი მაიდენტიფიცირებელი ვიდეო კადრების გასაჯაროება არღვევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს, რათა მისმა სამსახურმა შეისწავლოს იუსტიციის მინისტრის ქმედება, შეაფასოს ხსენებული ვიდეო ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების საკითხი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული სანქცირების მექანიზმი და ასევე, მოითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა შეისწავლოს იუსტიციის სამინისტროში ჩანაწერების დაარქივების ზოგადი პრაქტიკა.


21 იანვარს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პენიტენციურ დაწესებულებებზე ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის განხილვისას ციხიდან ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი წარადგინა და ომბუდსმენის წარმომადგენლის ჩაცმულობა და ქცევა გააკრიტიკა.

 

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile