ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

პუბლიკა

ოპოზიციურ ალიანსში შემავალმა პარტიებმა და პარტია „ჯერ საქართველომ“ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა-კონფერენცია გამართეს.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა.

 „ეს იყო რუტინული შეხვედრა. „ალიანსის“ წევრები, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და ვცვლით ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. 

ახლაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, პარტიების აკრძალვის და გავცვალეთ ინფორმაცია, როგორც ამ პროცესის სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ და საერთაშორისო მხარეებზე. 

ბიძინა ივანიშვილის სურვილებს ვერ აკრძალავს და ჩვენ ამ სურვილებზე ლაპარაკს ვერ აგვიკრძალავს, ჩვენ ბრძოლა გვაქვს მოსაგები პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში უქმდება მთელი პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი. მისი განცხადებით, გამორიცხულია ასეთ ვითარებაში რამეს ეწოდოს არჩევნები და ეს სრულიას გასაგებია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. გვარამია ამბობს, რომ „ნულოვანი არსებობს შანსი, რომ ის რაც გაუქმების შემდეგ მოხდება იმას, ოდესმე რაიმე ფორმატში არჩევნები დაერქვას”.

„მთავარი დანიშნულება დღევანდელი შეხვედრის იყო, რომ ინფორმაცია მოკლედ, მთავარი აქცენტების მეშვეობით მიგვეცა დიპლომატიური კორპუსისთვის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, დეტალები, რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში…როგორ ვუყურებთ ჩვენ მიმდინარე პროცესს და ჩვენი აზრით, რას გამოიწვევს გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვის შესახებ” – განაცხადა მედიასთან პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან ისაუბრა პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმაც. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო.

„დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია მოპასუხე მხარეთა მხრიდან და როცა ვსაუბრობთ, ნორმალურ პროცესზე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ჩემი მხრიდან, სხვა მონაწილეთა მხრიდან ყურადღება იყო გადატანილი არსით არჩევნებზე და არა სახელით არჩევნებზე. ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას”, როგორც მმართველ ძალას უნდა ჰქონდეს მოწადინება და პასუხისმგებლობა, რომ პროცესი განვითარდეს ნორმალური გზით, განორმალურება საარჩევნო გარემოსი, განორმალურება პოლიტიკური პროცესის საქართველოში იყო ჩვენი კიდევ ერთი მოწოდება, რომ მმართველი ძალა ამაზე დაფიქრდეს და გადადგას შემხვედრი ნაბიჯები საამისოდ” – განაცხადა პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა.