საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
საუბარია კანონში შესულ ცვლილებაზე, რომლის მიხედვით მკაცრდება მოსამართლეთა დისციპლინური სახდელები, ასევე დაემატა დისციპლინური გადაცდომის ახალი სახე და გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. იცვლება იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები.
„დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილებები არღვევს მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს და სასამართლოს მმართველ გავლენიან ჯგუფს უზრდის ბერკეტებს ინდივიდუალურ მოსამართლეთა შესავიწროებლად.
„კანონში შეტანილი ცვლილებებით მოსამართლეებს შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება, თანამდებობის დაკავების უფლება, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს მიეცათ შეუზღუდავი შესაძლებლობა მიავლინონ მოსამართლე სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე, მის მიმართ დაიწყონ დევნა ბუნდოვანი საფუძვლებით. კანონი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს და აძლევს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს თვითნებობის, კანონის შერჩევითად, არანამდვილი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ პარლამენტის წევრთა მინიმუმ 1/5 (30 დეპუტატი) უფლებამოსილია, წარადგინოს კონსტიტუციური სარჩელი გაცილებით ფართო სამართლებრივი საფუძვლებით.
„წინამდებარე სარჩელით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებთან გასაჩივრებული კანონის შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები სახალხო დამცველმა და მოსამართლეთა 5-კაციანმა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
კანონპროექტს დაჩქარებული განხილვის ეტაპზე არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და ოპოზიციის კრიტიკული და მწვავე შეფასება მოჰყვა. NGO-ების შეფასებით, ცვლილებები ცალსახად ასუსტებს ინდივიდუალურ მოსამართლეებს და აძლიერებს შიდა-კორპორატივიზმს და კლანურ გავლენებს სისტემის შიგნით.
არაერთი მიმართვის მიუხედავად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო არ დაადო.