ოპოზიციის ალიანსი 28 ნოემბრის მასშტაბურ აქციას აანონსებს

პუბლიკა

ოპოზიციის ალიანსი 28 ნოემბრის მასშტაბურ აქციას აანონსებს.

ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე თსუ-ის პირველ კორპუსთან აქციას და კამპანიის დაწყებას აანონსებს, რომელიც მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში.

ალიანსი აცხადებს: „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე“.

ალიანსის განცხადებით, „ოპოზიციური პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს“.

„მას უნდა, ქართველი ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი რეჟიმი შეუცვლელია და საზოგადოება სისტემურ სიღარიბესა და კორუფციას, უპერსპექტივობასა და ემიგრაციას შეაგუოს. შეაგუოს ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან იზოლაციას, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია.

მაგრამ ერთია – მას რა უნდა, მეორეა რის საშუალებას მივცემთ. სინამდვილეში, ამ თავზეხელაღებული ნაბიჯით, მილიარდერი მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს ამხელს – ადასტურებს, რომ ძალაუფლება არალეგიტიმურად აქვს მითვისებული და მისი შენარჩუნება მხოლოდ აკრძალვებსა და რეპრესიებზეა დამოკიდებული. სინამდვილეში, ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯით, ივანიშვილი აღიარებს, რომ ის არ ენდობა ქართველ ხალხს – მას ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია.

სწორედ ამიტომ ართმევს მილიონზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის უფლებას და დაახლოებით ამდენივე ემიგრანტს ხმას“.

მაგრამ, რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება – მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. რა აკრძალვაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე, ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს უფლებას, თავად გადაწყვიტოს, ვის ანდოს საკუთარი მომავალი და არ დათმობს პერსპექტივას, იცხოვროს სამართლიან, უსაფრთხო საქართველოში, სადაც პატიოსანი შრომა დაფასებულია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია“, – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

2 წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებებს „2028 წლამდე“.

ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობით უპასუხა.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვას – „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით,  რომლითაც მოთხოვნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის”, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“ და „გახარია-საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები 21-22-23 ოქტომბერს გაიმართება.