36 ორგანიზაცია ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის” წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჩივრების შეტანას და ამბობს, რომ პარტიამ „კრიტიკული ტელევიზიების ცენზურის პოლიტიკა აამოქმედა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიქტატურისკენ“.
„ოცნებამ“ ტელეკომპანიებს ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „კლანის სასამართლო“ და ა.შ.
„კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრები წარმოადგენს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ იმყოფება.
საჩივრებში ტელეკომპანიები დადანაშაულებულნი არიან „მიკერძოებულ გაშუქებაში“, „დეზინფორმაციის გავრცელებასა“ და „მმართველი პარტიის მიმართ ბალანსის დარღვევაში“. თუმცა, საქმე გვაქვს იმგვარ შემთხვევებთან, როდესაც მაუწყებლების მხრიდან დაცულია კრიტიკული და საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტანდარტები, გამოთქმულია რედაქციული ხასიათის მოსაზრებები, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული და კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული საჩივრები პრობლემურია შემდეგი მიზეზებით:
- „ეს არის პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული SLAPP საჩივრების (საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული სარჩელები) მკაფიო მაგალითი, რომელთა მიზანიც მედიის სისტემური დაშინებაა და არა რეალური დარღვევის აღმოფხვრა;
- შეიცავს მედიის მარეგულირებელი მექანიზმების ბოროტად გამოყენების ნიშნებს, რაც ხელს უშლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას;
- არასწორად განმარტავს ბალანსის პრინციპს, მოითხოვს მმართველი პარტიისთვის თანაბარ ეთერს, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ კრიტიკულ ტელევიზიებში სტუმრობასა და მათთან თანამშრომლობაზე;
- საჩივრები წარმოადგენს უფრო ფართო ავტორიტარული ტენდენციის გამოხატულებას, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება კრიტიკული ხმების ჩასახშობად და სამოქალაქო სივრცის შესავიწროებლად“.
განცხადებაზე ხელმომწერები სთხოვენ საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს:
- მკაფიოდ და საჯაროდ დაგმონ მარეგულირებელი ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ;
- მოითხოვონ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობა და პროცედურული სამართლიანობა;
- უზრუნველყონ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა საქართველოში, მათ შორის, სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმებით;
ხელს აწერენ:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- Start Now
- ალტერნატივა ჯორჯია
- საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
- მედიის განვითარების ფონდი
- რადიო „მარნეული“
- სამოქალაქო პლატფორმა – ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის
- კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
- დოკუმენტური კინოს ასოციაცია
- დემოკრატ მესხთა კავშირი
- „პლატფორმა სალამ“
- ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“
- NEO TV და „ქართული მედია ჯგუფი“ (GMG)
- პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
- „მთის თემი“ ააიპ
- ევროპის ფონდი
- განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
- ფონდი „აურეს“
- შშმ ქალთა ალიანსი
- Bbsa- Georgia
- მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
- შავი ზღვის ეკო-აკადემია
- საფარი
- საორსა
- ააიპ ლომეკი
- ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
- ქალი და განვითარება
- საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
- აწსუ
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (hrc)
- პრევენცია პროგრესისთვის
- პუბლიკა