ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები | პრეზიდენტი „ნამახვანჰესზე“

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა. ის სხვადასხვა საკითხს შეეხო თავის სიტყვაში, მათ შორის – ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებსა და კრიზისის გადალახვის აუცილებლობას.

„უდიდესი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკა და კრიზისის გადალახვა.

საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაშიც გაყოფილია. ზოგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები. ზოგი კი აბსოლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობას და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს.

ამ კრიზისის დაძლევაში, სოლიდარობა გვჭირდება, როგორც არასდროს. ერთიანი ძალისხმევა, რომ ინკლუზიური მიდგომებითა და სოციალური პასუხისმგებლობით ვეცადოთ ერთდროულად ეკონომიკის გაცოცხლებას, ინვესტიციების მოზიდვას და მაქსიმალურად გავუწოდოთ ხელი სოციალურად დაუცველ ფენებს ჩვენი საზოგადოებისა.

ამ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ვხვდებით საზოგადოების მხრიდან  დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი მაგალითის  ვხვდებით „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირება.

ერთი მხრივ, ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ, მოითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება, ზოგადად, ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს.

მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგოდამოუკდიებლობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. პრეზიდენტს უალტერნატივოდ მიაჩნია ორივე მოსაზრების  გათვალისწინება და შეჯერება.

„ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტისა და ყველა შესაძლო საფრთხის.

სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას  ენერგეტიკის მიმართულებით.

ასეთი მსჯელობა  მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ მიიჩნევა, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის“, – განაცხადა მან.