ოვსიანიკოვა: მინდოდა, მეჩვენებინა, რომ კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერის მიუხედავად, რუსებს სძულთ ომი

პუბლიკა

რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა რედაქტორმა, მარინა ოვსიანიკოვამ 14 მარტს რუსეთის პირველი არხის ეთერში გამოხატული პროტესტის შემდეგ CNN-ს პირველი ინტერვიუ მისცა. წამყვანმა მარინა ოვსიანიკოვას შეკითხვები პროტესტის მიზეზებზე, მის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე დაუსვა.

ჟურნალისტის კითხვას – როგორ გრძნობს თავს ახლა და არის თუ არა შეშინებული – უპასუხა, რომ შეშინებული არ არის, მაგრამ ამავდროულად გრძნობს დიდი პასუხისმგებლობას და აცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

კითხვას – აქვს თუ არა მოლოდინი, რომ უფრო მეტად დასჯიან პროტესტის გამო – უპასუხა, რომ ის არ დარდობს ადმინისტრაციული ჯარიმის გამო, რომელიც გუშინ მიუსაჯა სასამართლომ, მაგრამ სისხლის სამართლის ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს და არ იცის, რა იქნება მომავალში.

– „მუშაობ რუსულ სახელმწიფო ტელევიზიაში, გყავს ორი შვილი. რამ გაიძულა, როგორ გადაწყვიტე რომ ეს გაგეკეთებინა?” – ჰკითხა ჟურნალისტმა.

„გადაწყვეტილება, რომ ეს გამეკეთებინა, სპონტანურად მივიღე. მე ვგრძნობდი კოგნიტიურ დისონანს ჩემს რწმენასა და იმას შორის, რასაც ეთერში ვამბობდით. ომი იქცა შემობრუნების წერტილად, როცა გაჩუმება უკვე შეუძლებელი იყო. მე გავაცნობიერე, რომ უნდა გამეკეთებინა რამე, თორემ შემდეგ უფრო და უფრო რთული იქნებოდა რამის გაკეთება“, – ამბობს მარინა ოვსიანიკოვა.

კითხვაზე – როგორ შეხვდნენ მისი კოლეგები მის ქმედებებს – უპასუხა, რომ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მას არავისთან ჰქონია კომუნიკაცია, მაგრამ გაიგო, რომ რამდენიმე კოლეგამ უკვე დატოვა სამსახური, „რადგან ბევრი გრძნობს, რომ კავშირი რეალობასა და იმას შორის რასაც გადავცემთ ტელევიზიით დაიკარგა“, – ამბობს მარინა ოვსიანიკოვა.

კითხვას – შეუცვლის თუ არა ადამიანებს აზრს მისი პროტესტი – უპასუხა, რომ რუსეთი საზოგადოება ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი ემხრობა ომს, მეორე ნაწილი კი არ ემხრობა და მისი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ რუსული საზოგადოების უმრავლესობა ომის წინააღმდეგია.

„საზოგადოება რუსეთში ორად არის გაყოფილი. ნაწილი ემხრობა, ნაწილი არა. ვინც ემხრობა, უყურებს სახელმწიფო ტელევიზიას. მათ დაბნელებული აქვთ გონება სახელმწიფო ტელევიზიის პროპაგანდით. ჩემი ასაკოვანი დედაც კი მოექცა ამ პროპაგანდის ქვეშ. 5 წუთიც კი ვერ ვესაუბრები, იმდენად არის ამ გავლენის ქვეშ. იმეორებს იმ ფრაზებს, რომლებსაც პროპაგანდა ამბობს. მინდოდა მეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ რუსების უმრავლესობა წინააღმდეგია ომის და კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერის მიუხედავად, მათ სძულთ ომი და პაციფისტები არიან შინაგანად. ყველა შეშინებული და დაბნეულია, ჩვენი ცხოვრება ყოველდღე იცვლება. მათ სახეზე ჩანს შიში და დაბნეულობა. რთულია რამის დაგეგმვა. ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს და რას მოიტანს ხვალინდელი დღე, უცნობია, ეს ძალიან შემაშფოთებელია“, – ამბობს ოვსანიკოვა.

ინტერვიუს ბოლოს განაცხადა, რომ მას კარგად ესმის უკრაინელი ლტოლვილების, რადგან 20 წლის ასაკში საომარი ვითარების გამო მშობლებთან ერთად დატოვა გროზნო.

„1999 წელს, როცა 20 წლის ვიყავი, ჩეჩნეთში ომი დაიწყო. ჩვენ ვცხოვრობდით გროზნოში. საჰაერო დაბომბვის დროს, ფანჯრებთან ბომბები ცვიოდა. მე კარგად მესმის, უკრაინელი ლტოლვილები რას გრძნობენ ახლა და ვდარდობ მათ გამო და ასევე ვდარდობ რუს ჯარისკაცებზე, ახალგაზრდა, პატარა ბიჭებზე და ვფიქრობ, რომ მათ არ იციან რისთვის იბრძვიან“, – ამბობს ოვსიანიკოვა.