„ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ თქვა, რომ იოსებ გორგაძემ დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო.
მან გორგაძის ოჯახს მიუსამძიმრა და თქვა, რომ „ოცნების” იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალით დასტურდება, რომ გორგაძეს სახეზე დაზიანებები არ ჰქონია.
„ის მძიმე დაზიანება, რომელიც მან თავის არეში მიიღო, სავარაუდოდ, დაცემის შედეგია, ამას გამოძიება დაადგენს შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე. სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო ის დაზიანებები, რომლებიც შემდგომ, სამწუხაროდ, სასიკვდილო აღმოჩნდა. იუსტიციის სამინისტრომ ვიდეომასალა გამოაქვეყნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ ნახოს ის კადრები, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში და ასევე „ვივამედში“ პაციენტის მიღებისას არის გადაღებული. აშკარად ჩანს, რომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი”. – თქვა პაატა სალიამ.
იოსებ გორგაძე, რომელიც იანვარში გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებით 23 იანვარს გადაიყვანეს, 4 მაისს გარდაიცვალა.
ოჯახი დაცემის შედეგად პოლიტრავმული დაზიანებების მიღებას გამორიცხავს.
იოსებ გორგაძის ძმა მის სიკვდილში ბრალს პენიტენციურ სამსახურს სდებს.
„მეათე სართულიდან რომ გადმოვარდეს, იმ დონის ტრავმებს ვერ მიიღებს ადამიანი, რა დონის ტრავმებიც მას ჰქონდა მიღებული. ეს არის სპეციალურად დაგეგმილი და განხორციელებული პენიტენციური სამსახურის მიერ.
პენიტენციური სამსახური იყო ვალდებული, ჩემი ძმა დაეცვა. შეუძლებელია, შურისძიების მიზნით ციხეში გამომწყვდეული ადამიანისთვის ეს გაეკეთებინათ. მით უმეტეს, პატიმარი ამას ვერ გააკეთებდა. თავიანთი დანაშაული უნდათ, რომ დაფარონ და ჩემი ძმის ნაცვლად ვიღაც უდანაშაულო უნდათ, რომ გაწირონ კიდევ“. – თქვა შოთა გორგაძემ „ტვ პირველის” ეთერში 5 მაისს.
მისი განცხადებით, საეჭვო ფაქტია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ადვოკატს და ოჯახის წევრებს არ შეატყობინა იოსებ გორგაძის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ და მათ ეს ამბავი თანამესაკნისგან შეიტყვეს.
6 მაისს პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს იოსებ გორგაძე და მისი საკნის მიმდებარე ტერიტორია. მასალა დამონტაჟებულია. „ქართული ოცნების” იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სრული მასალა 220-საათიანია, ამიტომ მათ თავად მოგვაწოდეს ძირითადი გარემოებები.
უწყება ირწმუნება, რომ იოსებ გორგაძის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
გამოქვეყნებული ვიდეომასალის თანახმად, საკნიდან გამოყვანის დროს გორგაძეს საკაციდან ხელი უვარდება. ბადრაგი პატიმრის ხელს იღებს და მას გულ-მკერდის არეზე ადებს.
ამის შემდეგ კადრში ჩანს, როგორ შეჰყავთ გორგაძე სასწრაფო დახმარების მანქანაში.
კადრში ასევე ჩანს იოსებ გორგაძის სახე, რომელსაც დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შესაძლოა, გონება დაკარგული ჰქონდეს.
ადვოკატი მუხრან ღურწკაია იანვარში ამბობდა, რომ იოსებ გორგაძეს სახეზე 37 მოტეხილობა ჰქონდა. ადვოკატი ასევე ამბობდა, რომ იოსებ გორგაძე ნაწამებია, თუმცა არ იცოდნენ, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს.
პენიტენციურმა სამსახურმა იანვარში განაცხადა, რომ გლდანის ციხეში შესახლების დღიდან ბრალდებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, 23 იანვარს იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა არტერიული წნევა და გადაიყვანეს „ვივამედში“.
პენიტენციური სამსახური არაფერს ამბობდა პატიმრის მოტეხილობების შესახებ. 5 მაისს, გავრცელებულ განცხადებაში კი მიუთითა, რომ „გამოძიებამ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დაადასტურა”.
5 მაისსვე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა, რომ 23 იანვარს იოსებ გორგაძე საკანში უგონო მდგომარეობაში ნახეს, „ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა“, ეჭვი მიიტანეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
მისივე თქმით, კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, „რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცის გვერდით მდგარ რკინის მაგიდას. კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები”.
ურთქმელიძის განმარტებით, კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო ინტრაპარერქიმული, უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.
მალხაზ ურთმელიძე ასევე გამოეხმაურა ადვოკატისა და ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ დოკუმენტს, რომელიც 23 იანვრის მდგომარეობით იოსებ გორგაძის დიაგნოზებს ასახავს და მიუთითა, „ამ დოკუმენტში ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული გართულებები“.
„თქმა, რომ შესვლისას იყო ეს დიაგნოზები, რა თქმა უნდა აბსურდია“. – თქვა ურთქმელიძემ.
დოკუმენტში მითითებულია, რომ იოსებ გორგაძეს 23 იანვარს, „ვივამედში“ შეყვანისას ჰქონდა: ტვინის შერყევა, ტრავმული სუბდურალური ჰემატომა, თვალისა და ორბიტის (თვალბუდის) სხვა ტრავმები, თავის ქალას მოტეხილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ქალისა და სახის ძვლების განუსაზღვრელი მოტეხილობა, თავის დაზიანება, სისხლდენა ან ჰემატომა, სამედიცინო მანიპულაციის სხვა გართულებები, კომა, ღვიძლის უკმარისობა, დაუზუსტებული, რკინის დეფიციტური ანემია, დაუზუსტებული, ჰიპოკალიემია (დაბალი კალიუმის დონე) კარდიოგენული შოკი, პნევმოთორაქსი, დაუზუსტებული, ინფექცია, გამოწვეული Klebsiella pneumoniae-ით, ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), ანოქსიური ტვინის დაზიანება (ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული), ტრაქეოსტომის სტატუსი (გატარებული ოპერაცია).
მისი განცხადებით, გარდაცვალების რეალური მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
5 მაისსვე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „როგორც გაირკვა, საკანში, სადაც გორგაძე იყო მოთავსებული, არ მიმდინარეობდა ვიდეომეთვალყურეობა“.
ომბუდსმენმა მიუთითა, რომ აუცილებელია, ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მრავლობითი დაზიანებების წარმომავლობის შესახებ კითხვებს.
იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავარიის შემდეგ მოათავსეს – ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატის თქმით, ავარია გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.