პაპუაშვილი აბასთუმანზე: „[ოპოზიცია] ცდილობს არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება“

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის დაკეტვაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ესაა რადიკალური ოპოზიციის მცდელობა „რამენაირად ეკონომიკურად დააზიანონ ეს ქვეყანა, რომ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ.“

„რადიკალურ ოპოზიციას და მის გარე დამკვეთებს არსენალი ამოეწურათ ყველანაირი, პოლიტიკური თემების არსენალი, სხვა მიმართულებით ყველანაირი თავდასხმის საბაბი სცადეს და ყველგან დამარცხდნენ. ახლა მთავარი, რასაც ისინი ცდილობენ არის, რომ რამენაირად ეკონომიკურად დააზიანონ ეს ქვეყანა, რომ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ. ესეც ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ არ დაუშვან წარმატებული პროექტების განხორციელება. არ დაუშვან, მათ შორის, სამეცნიერო პოტენციალის ათვისება. აბასთუმნის ობსერვატორია არის მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც საინტერესოა ზოგადად მათთვის, ვინც საქართველოს მოინახულებს.

რაც შეიძლება ნაკლები კარგი რამე უნდა მოხდეს და ბევრი ცუდი რამ მოხდეს, არ ვიცი, ახლა მე რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები წარმოშობილი. სულ ცოტა ხნის წინ, ყველამ ვიხილეთ საქართველოს ცა როგორ ინტენსიურად იყო გამოყენებული და დღესაც ასე ხდება, მას შემდეგ რაც ჩაკეტილია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მარშრუტები. ასე რომ, საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად და იქ სადაც საჭიროა როგორც სამეცნიერო პოტენციალის ასათვისებლად შესაბამისი შეზღუდვების დაწესება, ასეც უმტკივნეულოდ ხდება…“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 16 აპრილიდან, აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება.

კერძოდ, საავიაციო მოძრაობა იზღუდება აბასთუმნის თავზე დაახლოებით 52 კილომეტრის დიამეტრის რადიუსზე. შესაბამისი დადგენილება მთავრობას გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის თანახმად, მიზეზად დასახელებულია ატმოსფერული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ასტრონომიული დაკვირვებისთვის. ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს.

„საქაერონავიგაციის” დოკუმენტაციის მიხედვით, ამ აკრძალვას ერთი საინტერესო გამონაკლისი აქვს: დაშვებულია ფრენა ტერიტორიაზე მოფრენილი ან ტერიტორიიდან გაფრენილი ხომალდებისთვის. ანუ ეს დათქმა ფრენის უფლებას აძლევს მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს. კონფიდენციალური წყარო საჯარო უწყებიდან „რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, რომ „ეს ყველაფერი კი ნელ-ნელა ქართული აეროპორტებიდან ფრენებს „გააძვირებს“ და საბოლოოდ თითოეული მგზავრის ჯიბეზე აისახება“. გარდა ამისა, არის უსაფრთხოების რისკებიც.

 „წარმოიდგინეთ სცენარი – ქუთაისზე აღმოსავლეთიდან მიმფრენი ბორტი (ყაზახეთიდან დაფრინავენ), თბილისზე დასავლეთიდან მომფრენი ბორტი, თბილისიდან დასავლეთისკენ გამფრენი ბორტი და ჰორიზონტალური სივრცე ფაქტობრივად აღარ რჩება მათი უსაფრთხო/ეფექტური განცალკევების, იმის ფონზე, რომ ერთ სიმაღლეზე ორ ბორტს შორის უსაფრთხო ეშელონირების ნორმა 10 საზღვაო მილია. ახალ რეალობაში, უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო გახდება მომფრენი ბორტების დაგეგმილზე უფრო ადრე დაშვება და პირიქით, გამფრენი ბორტებისთვის ოპტიმალური საფრენოსნო სიმაღლის უზრუნველყოფის შეფერხება. რაც ზრდის ფრენის ხარჯებს, ასევე განსაკუთრებით ბევრად იზრდება ადამიანის [საჰაერო მეთვალყურის] შეცდომის ფასი, ადამიანი კი ადამიანი არ იქნება, შეცდომა არ მოუვიდეს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ინფორმირებული წყარო სახელმწიფო უწყებიდან.