„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 16 აპრილიდან, აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება და ეს „ივანიშვილის ახირებით“ ხდება.
საქართველოს საჰაერო სივრცეში იცვლება რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ტრასა, რომლებზეც მსოფლიოს სხვადასხვა ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის ყოველდღიურად დაფრინავს.
კერძოდ, საავიაციო მოძრაობა იზღუდება აბასთუმნის თავზე დაახლოებით 52 კილომეტრის დიამეტრის რადიუსზე.
შესაბამისი დადგენილება მთავრობას გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის თანახმად, მიზეზად დასახელებულია ატმოსფერული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ასტრონომიული დაკვირვებისთვის.
„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ წყაროები საავიაციო ინდუსტრიიდან და სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოებიდან ირწმუნებიან, რომ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა „ბიძინა ივანიშვილის ახირება” უფროა — „ქართული ოცნების” მილიარდერ დამფუძნებელს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშლილ სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტზე 2020 წლიდან აქვს საოჯახო რეზიდენცია.
ფრენისთვის დახურული ზონა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და საქართველოს სიღრმეში – დაახლოებით 45 კმ-ში სრულდება. ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს.
ევროპული ავიაციების გაერთიანება „ევროკონტროლის” წარმომადგენლებმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ ქართულმა მხარემ მოსალოდნელ ცვლილებებზე კომუნიკაცია მათთან 2023 წელს დაიწყო და 2026 წლის აპრილში დაგეგმილი აკრძალვები მათ გაითვალისწინეს საჰაერო მარშრუტების ახალი დაგეგმარებისას.
მთავრობის დადგენილების შემდეგ საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მაკონტროლებელმა უწყებამ – „საქაერონავიგაციამ” – გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც ადგილობრივ და საერთაშორისო ავიაკომპანიებს ატყობინებს 16 აპრილიდან საქართველოს ცის ნაწილის დახურვას.
თუმცა, „საქაერონავიგაციის” დოკუმენტაციის მიხედვით, ამ აკრძალვას ერთი საინტერესო გამონაკლისი აქვს: დაშვებულია ფრენა ტერიტორიაზე მოფრენილი ან ტერიტორიიდან გაფრენილი ხომალდებისთვის. ანუ ეს დათქმა ფრენის უფლებას აძლევს მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ.
„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს.
მედია აღნიშნავს, რომ ახალ აკრძალულ ზონაში საერთაშორისო მნიშვნელობის, სულ მცირე, ორი საჰაერო ტრასა ხვდება, რომლებსაც ყოველდღიურად ათეულობით საერთაშორისო კომპანია იყენებს:
- ტრასა M747 – ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საჰაერო მაგისტრალი საქართველოს ცაში, შეიძლება ითქვას, რომ ევროპისა და აზიის მთავარი დამაკავშირებელია საქართველოს გავლით. ამ ტრასაზე ხდება სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები ევროპასა და ცენტრალურ აზიას, ჩინეთს შორის და თურქეთს, კავკასიასა და რუსეთს შორის.
- მეორე მნიშვნელოვანი ტრასა, რომელიც აკრძალულ ზონაში ხვდება და შეცვლა მოუწევს, N644-ია.
მარშრუტები ასეთია – აზერბაიჯანი, საქართველო, შავი ზღვა, თურქეთი. ახლო აღმოსავლეთი-ევროპა. სპარსეთის ყურე. ეს ხაზი საქართველოს საჰაერო სივრცეში ყველაზე დატვირთულია.
კიდევ ერთი მაგისტრალი, რომელიც აკრძალულ ზონაში გადის L125-ია, ის შედარებით ნაკლებადაა დატვირთული, თუმცა სომხეთს საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს.
ტრასებს, რომლებიც აკრძალულ ზონაში მოხვდა, ხშირად იყენებენ საერთაშორისო საჰაერო სამგზავრო და სატვირთო კომპანიები: Lufthansa, Turkish Airlines-ი, Emirates-ი, Qatar-ი, FlyDubai Cargolux-ი, Silk Way, აგრეთვე რუსული და ცენტრალური აზიის ოპერატორები.
კონფიდენციალური წყარო საჯარო უწყებიდან „რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, რომ „ეს ყველაფერი კი ნელ-ნელა ქართული აეროპორტებიდან ფრენებს „გააძვირებს“ და საბოლოოდ თითოეული მგზავრის ჯიბეზე აისახება“.
„ბევრმა ავიაკომპანიამ შესაძლოა უარი თქვას გაზრდილი ხარჯების გამო ტრანზიტად ქართული საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, გადაიწიოს თურქეთისკენ, ანდა ეძებოს ალტერნატიული მარშრუტები”, – თქვა მან.
გარდა ამისა, არის უსაფრთხოების რისკებიც.
ყველა ექსპერტი, რომლებსაც „რადიო თავისუფლება“ ესაუბრა, ყურადღებას დავიწროებულ დერეფანში ავიანაკადების მართვასა და უსაფრთხოების დაცვაზე ამახვილებს.
ისინი ადასტურებენ, რომ აბასთუმნის ცაზე თურქეთის საზღვრიდან დაწყებული შეზღუდვა, სამხრეთის დერეფნებს და შესაბამისად მანევრირებას ამცირებს, სატრანზიტო ხომალდებს მოუწევთ ან თურქეთის საჰაერო სივრცეში დარჩნენ, ანდა აბასთუმნის თავზე გაჩენილ 52-კილომეტრიან ზონას შემოუარონ და საქართველოს ცის ჩრდილოეთ ნაწილში იფრინონ, სადაც კავკასიონის მთათა სისტემა ამ სივრცეს ისედაც ავიწროებს და ე.წ. ბოთლის ყელი რჩება ხომალდებისთვის.
„წარმოიდგინეთ სცენარი – ქუთაისზე აღმოსავლეთიდან მიმფრენი ბორტი (ყაზახეთიდან დაფრინავენ), თბილისზე დასავლეთიდან მომფრენი ბორტი, თბილისიდან დასავლეთისკენ გამფრენი ბორტი და ჰორიზონტალური სივრცე ფაქტობრივად აღარ რჩება მათი უსაფრთხო/ეფექტური განცალკევების, იმის ფონზე, რომ ერთ სიმაღლეზე ორ ბორტს შორის უსაფრთხო ეშელონირების ნორმა 10 საზღვაო მილია.
ახალ რეალობაში, უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო გახდება მომფრენი ბორტების დაგეგმილზე უფრო ადრე დაშვება და პირიქით, გამფრენი ბორტებისთვის ოპტიმალური საფრენოსნო სიმაღლის უზრუნველყოფის შეფერხება. რაც ზრდის ფრენის ხარჯებს, ასევე განსაკუთრებით ბევრად იზრდება ადამიანის [საჰაერო მეთვალყურის] შეცდომის ფასი, ადამიანი კი ადამიანი არ იქნება, შეცდომა არ მოუვიდეს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ინფორმირებული წყარო სახელმწიფო უწყებიდან.
ახალი შეზღუდვა დაახლოებით 30 მილით შეამცირებს საფრენ სივრცეს გრძედზე, სადაც, გარდა აზია-ევროპის ნაკადისა, თბილის-ქუთაისი-ბათუმზე მიმფრენ-მომფრენი ბორტებიც დაფრინავენ (იმის მიხედვით, თუ რომელი რეგიონიდან მოფრინავენ).
ჟურნალისტური გამოძიებისვე თანახმად, აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის, ასტროფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძის თქმით,, რომელიც დაწესებულებას 2025 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს, ობსერვატორია უკვე წლებია აბასთუმნის ობსერვატორია საჰაერო მიმოსვლის მომხრეა.
თუმცა, ინტერვიუს მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ დირექტორმა „რადიო თავისუფლებისგან“ შეიტყო, რომ საქართველოს მთავრობამ მათი თხოვნა ორი თვის წინ დააკმაყოფილა და შეზღუდვები მალე ამოქმედდება.