პაპუაშვილი ელჩების დებატებში გამოწვევას მიესალმება და მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიესალმება ირაკლი კობახიძის ინიციატივას ელჩების დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად, ისიც ჩაერთვება.

„პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატების აქტიურობის გამო, მზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაშიც, რათა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი გაეცეს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ამ კანონპროექტის გარშემო არსებობს. მზად ვართ, პრემიერთან ერთად, მოვისმინოთ დასაბუთებული არგუმენტები ჩვენი მეგობრების მხრიდან, რაც თავისთავად დიდად წაადგება კანონშემოქმედებით პროცესს.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის საკითხებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა, უცნობია.

მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.