კობახიძე რუსულ კანონზე განცხადებების გამო ელჩებს საჯარო დისკუსიას სთავაზობს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე რუსულ კანონზე უცხოელი დიპლომატების კრიტიკასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მათ საჯარო დისკუსიას სთავაზობს.

ის აცხადებს, რომ უცხოელი დიპლომატები „აქტიურად ცდილობენ” ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში ჩართვას და ცდილობენ, შეითავსონ „კანონმდებლის ფუნქცია” – კერძოდ, პარლამენტს „უკარნახონ”, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ.

თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კობახიძის თქმით, რუსულ კანონთან დაკავშირებით „რამდენიმე უცხოელი დიპლომატის” კრიტიკა იყო „ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას მოკლებული”.

„უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა.

ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ”, – აცხადებს კობახიძე.